ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. 29 მარტი, 2017. ფოტო: Facebook
ევროპის სახალხო პარტიამ, რომელსაც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფი ჰყავს, 29-30 მარტს მალტაში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების განხილვის მიზნით 2 500 დელეგატი შეკრიბა.
კონგრესს ასევე ესწრებოდნენ ორი ქართული ოპოზიციური პარტიის – მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – წარმომადგენლები.
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის პარტიის საპატიო თავმჯდომარის რანგში წარმოადგენდა, 29 მარტს „ევროკავშირის არაწევრი ოპოზიციური ლიდერების“ სეგმენტის ფარგლებში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ევროპის სახალხო პარტიას ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„გუშინდელიდან მოყოლებული საქართველოს მოქალაქეებს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. ჩემმა ხელისუფლებამ დაიწყო მოლაპარაკებები, ჩვენ ვხელმძღვანელობდით მათ, ჩვენ მოვამზადეთ ისინი… მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდით, სანამ ეს არ მოხდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„ეს ოცნების ასრულებას ჰგავს“, – აღნიშნა მან.
სააკაშვილმა თავის ცხრაწლიან მმართველობას „პოსტ-საბჭოთა სივრცეში წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო ქვეყნის მნიშვნელოვნად შეცვლა და რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი გახდა.
„2012 წელს ჩვენ კიდევ ერთი საამაყო მიღწევა გვქონდა“, – განაგრძო მან. „პირველად ჩემი ქვეყნის ისტორიაში ძალაუფლების არაძალადობრივი, მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემა მოხდა“.
თუმცა, მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ „ძალაუფლება ისეთ ხალხს გადაეცა, რომლებიც როგორც ჩანს, არასდროს იქნებიან მზად ხელისუფლება მშვიდობიანად, რეფორმების, ცვლილებების და დემოკრატიის გზით შეინარჩუნოს“.
„ხელისუფლება „გაზპრომის“ უმსხვილესმა აქციონერმა [ბიძინა] ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში და მან ყველა ძირითადი ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრება და სხვების ქვეყნიდან განდევნა დაიწყო და მეც ჯერ კიდევ არ შემიძლია ჩემს ქვეყანაში დაბრუნება“, – განმარტა ექს-პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, მთავრობამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით 2008 წელს „რუსეთის შეჩერება“ შეძლო, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ „რუსმა ოლიგარქმა და რუსეთის სახელმწიფომ გამოიყენა… აქტიური ზომები, პროვოკაციები, მოსყიდვა, ყველა მეთოდი, რომელსაც ახლა მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ… და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და თავად ქართული სახელმწიფო“.
„ჩვენი სახელმწიფო ხელში ჩაიგდეს არა სამხედრო გზით, არამედ არჩევნებით და ახლა იმ სიტუაციაში ვიმყოფებით, როდესაც ფორმალურად დემოკრატია გვაქვს, მაგრამ რასაც მიაღწიეს ის არის, რომ მოკლეს ყველაზე თამამი რეფორმების ექსპერიმენტი პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რომელიც პუტინის სისტემის და რუსული რეჟიმის არსს დაუპირისპირდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ეს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, რომლის წინაშეც დღეს ევროპული დემოკრატიები დგას“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელსაც მხედველობაში ოლიგარქების მიერ „ძალაუფლების ხელში ჩაგდება“ ჰქონდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა. „ეს არის საერთო საფრთხე, რომელიც საფრთხეს უქმნის იმ ღირებულებებ, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით“.
„ვფიქრობ, თავისუფლება ყველგან თავისუფლებაა, კონტინენტის ყველა ნაწილზე, დემოკრატია ნიშნავს დემოკრატიას, არჩევნები ნიშნავს არჩევნებს, გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს გამოხატვის თავისუფლებას ყველგან … და როგორც ევროპის კონტინენტის ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური ოჯახი… ჩვენ თქვენი, როგორც ოჯახის იმედი გვაქვს, რომ ხმას აიმაღლებთ ჩვენი ღირებულებებისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
29 მარტს, დეპუტატი გიგი წერეთელი, რომელიც მოძრაობა თავისუფლებლისთვის – ევროპული საქართველოს წევრია, სოციალური ჩართულობის შესახებ პლენალური სხდომის პანელურ განხილვაზე სიტყვით გამოვიდა.
წერეთლის თქმით, ინკლუზიური საზოგადოებების ჩამოყალიბების მიზნით, „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალური პირების იმ პროცესებში ჩართვას, რომლითაც საზოგადოება იმართება და წარმოდგენელია“.
„ინკლუზიური საზოგადოების მთავარი პრინციპებია ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების, სოციალური სამართლიანობის პატივისცემა და სოციალურად დაუცველების საჭიროებებისთვის, დემოკრატიული მონაწილეობისა და კანონის უზენაესობისთვის მხარდაჭერა“.
მისი თქმით, ინკლუზიური საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საკითხი „საჯარო სიკეთეების და რესურსების სამართლიანი გადანაწილებაა“.
.@GTsereteli “Our policy frameworks must uphold and promote just and inclusive processes.” #EPPMalta #WeAreFamily
— EPP (@EPP) March 29, 2017
ეუთოს როლზე საუბრისას, წერეთელმა, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია, ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების „სულისკვეთების“ დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც თავის მხრივ, სახელმწიფოების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას გულისხმობს.
„ეს მტკიცე პირობა, რომ არასდროს შეიცვალოს საზღვრები ძალისმიერი გზით, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა წერეთელმა.
This rock solid commitment of never to revise borders through force is one of the keyprinciples of the sec.architecture of Europe #EPPMalta pic.twitter.com/YimbuD2ENr
— EPP_OSCEPA (@EPP_OSCEPA) March 30, 2017
პლენარულ სხდომაზე გამომსვლელებს შორის ასევე იყვნენ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა, რომლებმაც პარტია დატოვეს და მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო ჩამოაყალიბეს, ევროპის სახალხო პარტიას (EPP) დამკვირვებელ წევრად მიღების თხოვნით იანვარში მიმართეს.
მიღების შემთხვევაში ევროპული საქართველო EPP-ს მეორე წევრი იქნება საქართველოდან დამკვირვებლის სტატუსით; ნაციონალურმა მოძრაობამ ეს სტატუსი 2008 წლის სექტემბერში მოიპოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)