ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს

რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა როჯერ უიკერმა და ბენ კარდინმა 30 მარტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს.

შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს წარედგინა, „მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ცალსახად განაცხადოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არანაირ გარემოებებში არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის დე იურე ან დე ფაქტო სუვერენიტეტს საქართველოს რომელიმე ნაწილზე, მის საჰაერო სივრცეზე ან მის ტერიტორიულ წყლებზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე“.

ამ კუთხით, რეზოლუცია მინიშნებას აკეთებს სტიმსონის დოქტრინაზე, რაც ძალისმიერი მეთოდით განხორციელებული ტერიტორიული ცვლილებების არაღიარებას გულისხმობს და იხსენებს, რომ დოქტრინა 1940 წელს ასევე შეეხო ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს და „აშშ–ის ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაცია პატივს სცემდა ამ დოქტრინას, სანამ ამ ქვეყნებში დამოუკიდებლობა არ აღდგა 1991 წელს“. 

რეზოლუციის პროექტი „მოუწოდებს აშშ–ის პრეზიდენტს „გააღრმავოს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ [2009 წელს ხელმოწერილი] აშშ–საქართველოს ქარტიის ყველა სფეროში, მათ შორის საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლის სფეროში“ და ასევე მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ „ყურადღება გაამახვილოს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაზე ერთობლივი სამხედრო წვრთნების და თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით, რათა გაძლიერდეს საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ეროვნული სუვერენიტეტი“.

„რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და რეგიონში მიმდინარე საგანგაშო პროცესები იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არ აღიარებს სუვერენული სახელმწიფოების დამოუკიდებელ არჩევანს და რეგიონში გავლენის სფეროების აღდგენისკენ ისწრაფვის, მათ შორის, ძალის გამოყენების, ოკუპაციის, ფაქტობრივი ანექსიის და სხვა აგრესიული ქმედებების გზით“, – ნათქვამია დოკუმენტში. 

დოკუმენტი „გმობს რუსეთის ფედერაციის საქართველოში სამხედრო ინტერვენციას და ოკუპაციას  და მის უკანონო ქმედებებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ“. ის მოუწოდებს რუსეთს „უარი თქვას საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე“, რომლებიც მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან ომის შემდეგ ცნო.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს რუსეთს „თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და პოლიტიკისგან, რომელიც აზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და გადადგას ნაბიჯები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პირობის შესასრულებლად“.

რეზოლუცია „ხაზს უსვამს ძირითად საკითხებზე პროგრესის საჭიროებას“ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რომელთა შორისაა „რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო პირობის დადება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება თავიანთი წარმოშობის ადგილებში“.

რეზოლუციის თანაავტორმა, სენატორმა როჯერ უიკერმა განაცხადა, რომ „დროა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ მისი მეზობლების საზღვრებში ტერიტორიების მიტაცებას“. „რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, საქართველოდან თავისი ჯარები გაიყვანოს და საერთაშორისო დამკვირვებლებს და ჰუმანიტარული დახმარების პერსონალს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა მისცეს“. 

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა რუსეთის მიერ ჰელსინკის საბოლოო აქტის სახელმძღვანელო პრინციპების უხეშ დარღვევაა. ეს პუტინის რეჟიმის მიერ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ნორმებისა და დემოკრატიული ფასეულობების უგულებელყოფის მაგალითს წარმოადგენს, რომელსაც აშშ და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დაუპირისპირდნენ“, – განაცხადა სენატორმა კარდინმა.

„საქართველო აშშ-ის ძლიერი პარტნიორია და ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში შემდგომი ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს“, – დასძინა მან.

ანალოგიური დოკუმენტი აშშ–ის წარმომადგენელთა პალატამ 2016 წლის სექტემბერში მიიღო.