ლიდერები სუამის აღორძინების პირობას დებენ
27 მარტს უკრაინაში განხორციელებული ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სუამის სამიტში მიიღო მონაწილეობა, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, ვოლოდიმირ გროისმანთან, მოლდოვას პრემიერ-მინისტრთან, პაველ ფილიპთან და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერთან, ისმათ აბასოვთან ერთად.
სამიტზე ოთხმა ქვეყანამ თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე ორ ოქმს მოაწერა ხელი 2002 წელს ხელმოწერილი სუამის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. პირველი დოკუმენტი არეგულირებს პროცედურებს სამუშაო ორგანოს შექმნისა და მუშაობისთვის, რომელიც შეთანხმებასთან დაკავშირებული საქმიანობების კოორდინაციას განახოერციელებს, ხოლო მეორე საბაჟო კონტროლის პროცედურებს არეგულირებს იმ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებაში, რომლებიც სუამის წევრი სახელმწიფოების სახელმწიფო საზღვრებს კვეთენ.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სუამ-ის საქმიანობას მეორე სუნთქვა ეხსნება და ჩვენ, ყველანი ოპტიმისტურად ვუყურებთ ორგანიზაციის მომავალს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 27 მარტს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„დღეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენ მნიშვნელოვანი სამიტი გავმართეთ და ორ დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს. ჩვენ ვაჩქარებთ სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ჩამოყალიბებას და ასევე განვიხილავთ ვარიანტებს ჩვენი სატრანსპორტო ლოჯისტიკის გაუმჯებესების კუთხით“, – განაცხადა ვოლოდიმირ გროისმანმა ბიზნეს ფორუმზე თავის გახსნით სიტყვაში, რომელიც ასევე სამიტის ფარგლებში გაიმართა. „ჩვენი ქვეყნების პოტენციალი საშუალებას მოგვცემს უფრო მეტს მივაღწიოთ. ძალღონეს არ დავიშურებთ, რომ ამ ფორმატს ახალი ენერგია შევძინოთ. სუამის ისტორიაში ახალ გვერდს ვხსნით“.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ოთხი ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ინტეგრირებაზე ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში. „სატრანსპორტო კავშირი, სატრანსპორტო დერეფნები, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს აკავშირებს, განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობისაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გროისმანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „როდესაც შევძლებთ ეფექტიანი სატრანსპორტო კავშირების დამყარებას – სარკინიგზო ქსელების, გზების და პორტების – ჩვენი ურთიერთქმედების ხარისხსაც გავაუმჯობესებთ“, – დასძინა მან.
„ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საშუალებას გვაძლევს, რომ სუამის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობა გავზარდოთ. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენი ძალისხმევის გაზრდას იმისათვის, რომ სუამის სატრანსპორტო დერეფნის კონცეფცია განხორციელდეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა სამიტზე გამოსვლისას.
მხარეები ასევე შეეხნენ მოუგვარებელ კონფლიქტებს. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენი საერთო გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია სუამ-ის რეგიონში გადაუჭრელ კონფლიქტებთან, გვავალდებულებს განვამტკიცოთ ჩვენი თანამოქმედება იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფართო საერთაშორისო მხარდაჭერასა და შესაბამის გამოხმაურებას ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით“.
მისი თქმით, სუამის რეგიონში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტები ამ ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას აფერხებს.
მოუგვარებელი კონფლიქტების თემა ასევე ასახულია ერთობლივ განცხადებაში.
„ვადასტურებთ ჩვენს სურვილს სუამის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე მიმდინარე კონფლიქტების უსწრაფესი მოგვარების მიმართ, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის საფუძველზე იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს ტერიტორია არ უნდა იყოს მუქარის ან ძალის გამოყენებით სხვა სახელმწიფოს მიერ დაპყრობის ობიექტი და რომ არანაირი ტერიტორიული ხელყოფა, სამხედრო ოკუპაცია ან ანექსია ამგვარი ქმედებების შედეგად არ უნდა იქნას კანონიერად აღიარებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)