ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით სასამართლომ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორ პირს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას, რომლებსაც 11-12 მარტს ბათუმის საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ედებათ ბრალი, 25 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რითაც სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის მიერ 25 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 12 მარტს, პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, ბათუმში, მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას მიერ სხვადასხვა დროს, „განხორციელდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა“.
„ხელკეტების, ქვების და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით, ათეულობით პირი თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში შეჭრას. თავდასხმის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო 35-მა პოლიციელმა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.
სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და მას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდეს.
ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარტია ირაკლი ჩხვირკიას უფლებებს დაიცავს, მიუხედავად იმისა, რომ იგი პარტიის წევრი აღარ არის. ჩხვირკია ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიის განაწესის დარღვევის გამო გარიცხეს.
„ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, რისი კიდევ ერთი გამოვლინებაც არის ირაკლი ჩხვირკიას დაკავება ბათუმის მოვლენების ორგანიზების აბსურდული ბრალდებით“, – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.
„მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ზამბახიძემ 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე „პოლიტიზირებულ სასამართლოზე და შერჩევით სამართალზე“ ისაუბრა.
„ეს იყო პირდაპირი მესიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ აგრძელებს ხელისუფლების მხრიდან დევნას და ქვეყანაში პოლიტიზირებული სასამართლოა“, – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.
„ჩხვირკიას და ღოღობერიძის პოლიტიკური შეხედულებები აბსოლუტურად არ მაინტერესებს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ჩემთვის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თვალსაზრისით როგორ კვალიფიცირდება მათი მოქმედებები“, – განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს ამ თემაზე საუბრისას.
„რაც შეეხება საქმის მასალებს, ვერაფერს გეტყვით რა არის საქმის მასალებში, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რადგან გამოძიებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ეს გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, ეს მაფიქრებინებს, რომ ამ ეტაპზე არის საკმარისი მასალები იმისათვის, რომ ეს ადამიანი (ირაკლი ჩხვირკია) იყოს წინასწარ პატიმრობაში", – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა 26 აპრილს.
დაკავებული პირების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 20 ივნისს გაიმართება.
11 მარტს მოვლენების გამწვავება ბათუმში, სასტუმრო „ბათუმი პლაზას“ მახლობლად, დაახლოებით, 16:00 საათზე მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრულო პოლიციამ მოქალაქე არასწორი პარკირებისთვის დააჯარიმა და მოგვიანებით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავა. ამას მოჰყვა მასშტაბური საპროტესო აქცია, რომელიც 12 მარტს გამთენიისას, მას შემდეგ დასრულდა, რაც დარჩენილი მომიტინგეების დასაშლელად სპეცრაზმის დამატებითი დანაყოფები ჩაერთო. არეულობების დროს ბათუმში პოლიციის და მოქალაქეების რამდენიმე მანქანა დაწვეს და დააზიანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას ჩათვლით, სისხლის სამართლის ბრალდებით ამ საქმეზე სულ 21 პირია დაკავებული.