საგარეო საქმეთა სამინისტრო: ძალის არგამოყენების შეთანხმებაზე ‘მცირედი წინსვლაა’
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ Civil.ge-ის კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ძალის არგამოყენების დოკუმენტთან დაკავშირებით „მცირედ წინსვლას“ მიაღწიეს, თუმცა აღნიშნა, რომ „რჩება ფუნდამენტური სხვაობები მონაწილეთა მიდგომებში, რაც ჯერჯერობით არ იძლევა რაიმე მნიშვნელოვან პროგრესზე საუბრის საფუძველს“.
ამ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ 18-19 აპრილს სეპარატისტულ აფხაზეთში ვიზიტის დროს გაკეთებული კომენტარი, რომლის თანახმადაც, მოსკოვი „იმედოვნებს, რომ ძალის არგამოყენების შესახებ შესასრულებლად სავალდებულო შეთანხმებას ახლო მომავალში მოეწერება ხელი“.
ლავროვის განცხადებამდე, 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 39-ე რაუნდი გაიმართა. 10 აპრილის ინტერვიუში ამ შეხვედრის კომენტირებისას, ეუთოს წარმომადგენელმა ჟენევის დისკუსიებზე გიუნტერ ბეჰლერმა განაცხადა, რომ რაუნდი „ძალიან ნაყოფიერი იყო; ჩვენ ახლოს მივედით ძალის არგამოყენების განცხადებასთან; ამის თაობაზე რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობს“.
ძალის არგამოყენების საკითხის განხილვა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელსაც ევროკავშირი, ეუთო და გაერო თანათავმჯდომარეობენ, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის მიზნით 2008 წლის ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. მასში ასევე მონაწილეობენ თბილისის და მოსკოვის, ასევე ცხინვალის და სოხუმის (როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ისე დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის) წარმომადგენლები.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ძალის არგამოყენების ვალდებულებაა. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ასევე 2008 წლის სექტემბრის დამატებითი დოკუმენტი ამგვარი ვალდებულების საჭიროებას უსვამს ხაზს, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ამოქმედებასთან ერთად.
თბილისის სურვილია, რომ რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულება გარანტირებული იყოს საერთაშორისო მშვიდობისმყოფელების – ან სულ მცირე სამშვიდობო მონიტორების განთავსებით. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2008 წელს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არც ერთ სეპარატისტულ რეგიონში შესვლის უფლება არ ეძლევა.
2010 წელს ევროპარლამენტში გამოსვლისას მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივად აიღო ძალის არგამოყენების ვალდებულება. საპარლამენტო უმრავლესობის შეცვლის შემდეგ, ეს ვალდებულება 2013 მარტში, ხოლო შემდეგ 2016 წლის დეკემბერში ახალი მოწვევის პარლამენტებმაც აიღეს. ძალის არგამოყენების ვალდებულებას ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებს.
პრეზიდენტ სააკაშვილის 2010 წლის განცხადებას სოხუმის და ცხინვალის ხელმძღვანელობებიც შეუერთდნენ, რასაც თბილისის აზრით, არანაირი იურიდიული წონა არ გააჩნია. რუსეთი, რომელმაც 2008 წელს საქართველოს ნაწილის ოკუპაცია განახორციელა და ორივე რეგიონში ამჟამად მისი ჯარებია განთავსებული, საპასუხო ვალდებულებას არ იღებს. სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან გაერთიანება, თბილისის თვალში, ძალის არგამოყენების განცხადებას კიდევ უფრო საჭიროს ხდის.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, საქართველო დაჟინებით ითხოვს რუსეთისგან, რომ ძალის არგამოყენების ვალდებულება იკისროს. რუსეთი უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს. სანაცვლოდ, მოსკოვს სურს, რომ თბილისმა ძალის არგამოყენების შეთანხმებებს სოხუმთან და ცხინვალთან მოაწეროს ხელი, რაც, თბილისის აზრით, ორი რეგიონის ფორმალური აღიარების ტოლფასი იქნება.
ვინაიდან ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელი გახდა, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ძალის არგამოყენების დეკლარაციის ტექსტი შეიმუშავეს, რომლის განხილვაც 2012 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. ამ დეკლარაციის ხელმოწერა საჭირო არ არის, მაგრამ ის შესაძლოა თანათავმჯდომარეების მიერ მონაწილეთა სახელით გაკეთდეს.
ვინაიდან ჟენევის დისკუსიების მონაწილეები განხილვებში „პერსონალურ რანგში“ მონაწილეობენ და არა ოფიციალური სტატუსით (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების სტატუსის საკითხის თავის არიდების მიზნით), ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამგვარი დოკუმენტი შესასრულებლად სავალდებულოდ ჩაითვალოს. თბილისი ითხოვს, რომ ამგვარ დეკლარაციაზე შეთანხმებას წინ უძღოდეს რუსეთის ფორმალური დაპირება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების თაობაზე.