კონსტიტუციის შესახებ საყოველთაო სახალხო განხილვები გაგრძელდება
თბილისის განხილვის ჩაშლიდან მეორე დღეს, 16 მაისს პრესკონფერენციაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საყოველთაო სახალხო განხილვები მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
კობახიძემ განმარტა, რომ საყოველთაო სახალხო განხილვები ქვეყნის მასშტაბით კიდევ 10 დამატებით ქალაქში (ზესტაფონი, სამტრედია, სიღნაღი, ხულო, მარნეული, ახალქალაქი, ოზურგეთი, ფოთი, ყაზბეგი და მესტია), ასევე თბილისის ათ რაიონში გაიმართება. შეხვედრები ასევე გაიმართება სხვასხვა ინტერესთა ჯგუფებთან, მათ შორის აკადემიური წრეების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუციის პროექტზე შეხვედრა 22-23 მაისს ბერლინში გაიმართება ვენეციის კომისიის ექსპერტების, სხვა უცხოელი და ქართველი ექსპერტების, ასევე პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
„ჩვენ გვქონდა უკვე განხილვა ათ რეგიონში. თბილისში, სამწუხაროდ, არ შედგა სრულფასოვნად ეს განხილვა, მოვისმინეთ მოსაზრებები და საბოლოო ჯამში ამ მოსაზრებების გათვალისწინებით გაგრძელდება საპარლამენტო განხილვა“, – განაცხადა კობახიძემ.
„გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რომელთა მიმართაც აქვთ განსაკუთრებული მგძნობიარე დამოკიდებულება. ჩვენ ბუნებრივია ჯერ-ჯერობით განცხადებებს არ ვაკეთებთ იმის თაობაზე, თუ რომელი ნორმა როგორ შეიძლება შეიცვალოს, გამომდინარე იქიდან, რომ განხილვა გრძელდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საყოველთაო სახალხო განხილვები, რაც საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს, უკვე გაიმართა 10 ქალაქში ქვეყნის მასშტაბით (ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა და რუსთავი). პროცესის დასრულების შემდეგ კონსტიტუციის პროექტს პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა, სახალხო დისკუსიებს ბათუმში, ზუგდიდსა და გორში შეურთდა, შესაბამისად, 8, 9 და 11 მაისს.