კვირიკაშვილი იორდანიაში მეფე აბდულა II-ს და ფედერიკა მოგერინის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 19-21 მაისს იორდანიაში „ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში კვირიკაშვილმა რიგი ორმხრივი შეხვედრები გამართა.
20 მაისს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და იორდანიის მეფე აბდულა II-ს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს გადაწყვეტილებას იორდანიის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლა. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა იორდანიის მეფეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი ქვეყნის მხარდაჭერის გამო.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კვირიკაშვილი თავის იორდანელ კოლეგას, ჰანი მულკისაც შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, რეფორმების და ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიღწეული პროგრესის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის შესახებ ისაუბრა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოგერინიმ კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.
ვიზიტის ფარგლებში კვირიკაშვილი ასევე შეხვდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს, პროფესორ კლაუს შვაბს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს როლზე „აბრეშუმის გზის“ პროექტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები ესპანეთის მეფესთან, ფილიპე VI-სთან და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბიორგე ბრენდესთან.
იორდანიაში კვირიკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე; საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი; ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო საკითხებში თედო ჯაფარიძე.