აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯიტ ბრინკი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე.
მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, აშშ-ის მიერ საქართველოს დახმარება, რეფორმები, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ ვაშინგტონში ცოტა ხნის წინ განხორციელებული ვიზიტი.
მანამდე 23 მაისს, ბრიჯიტ ბრინკმა და აშშ-ის დელეგაციამ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-10 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ, ასევე აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა.
ზალკალიანმა განაცხადა, რომ „აშშ-ს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება რჩება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად“.
25 მაისს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის აშენების საკითხებზე. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების რეალიზების კუთხით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმებიც დაისახა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიჯიტ ბრინკმა ნატოში გაწევრიანების გზაზე შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეხვედრას ასევე ეწსრებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ბრიჯიტ ბრინკს და აშშ-ის დელეგაციას 24 მაისს შეხვდა, მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტუის მხარდაჭერისთვის და აშშ-ს „საქართველოსთვის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი“ უწოდა.
აშშ-ის დელეგაციამ ცალკე შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტში ორ ოპოზიციურ პარტიასთან – ნაციონალურ მოძრაობასთან და მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპულ საქართველოსთან.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მონაწილეებმა 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმაზე იმსჯელეს. ოთარ კახიძემ ევროპული საქართველოდან განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოში კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის და მედია პლურალიზმის საკითხები იქნა განხილული.