ცხინვალის თქმით, პერევიდან გასვლა ‘ნაადრევი’ იყო
რუსული საგუშაგოს გაყვანა სოფელ პერევიდან "ნაადრევი“ იყო, ვინაიდან ჯერ არ დასრულებულა ალტერნატიული გზის მშენებლობა, რომელიც ახლომდებარე სამხრეთ ოსურ სოფელს დანარჩენ რეგიონს დაუკავშირებს, განაცხადა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა.
"მართალია პერევის ტერიტორია არ შედის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებში, მაგრამ საგუშაგოს გადატანა ნაადრევი იყო,“ – განაცხადა მან.
რუსეთი, რომელმაც თავისი მცირე სამხედრო შენაერთი პერევიდან 18 ოქტომბერს გაიყვანა, სოფელში პატარა ადგილობრივ გზას აკონტროლებდა, რომელიც ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრებში შემავალ სოფელ ქარძმანს დანარჩენ სეპარატისტულ რეგიონს უკავშირებდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა 19 ოქტომბერს პერევიდან გასვლასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ "10 კილომეტრზე მეტ მანძილზე განხორციელდა შემოვლითი გზის მშენებლობა ძნელადმისადგომ მთიან რაიონში, რომელიც ქარძმანის ხეობას სამხრეთ ოსეთის დანარჩენ ტერიტორიას უკავშირებს“.
თუმცა, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის ვებგვერდზე 20 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ბორის ჩოჩიევმა განაცხდა, რომ ახალი გზის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა.
"ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა აეშენებინათ შემოვლითი გზა, რომელიც სამხრეთ ოსურ სოფელ სინაგურს ქარძმანს დაუკავშირებდა. ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ გზა აშენდებოდა და რომ სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები, სოფელ ქარძმანის მკვიდრები სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იქნებოდნენ, მაგრამ ახლა გზა არ არის აშენებული. მე ამ ნაბიჯის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. მაგრამ ის სტრუქტურები არიან დამნაშავეები, ვინც ამ გზას აშენებდა. მათ მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს როგორც მოსკოვს, ისე ჩვენ,“ – განაცხადა ჩოჩიევმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)