ცესკოს თავმჯდომარე კანდიდატებზე ‘ზეწოლის ფაქტების’ აღკვეთისკენ მოუწოდებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გააპროტესტა  კანდიდატებზე არჩევნებიდან გამოთიშვის მიზნით განხორციელებული ზეწოლის ფაქტები და რეაგირებისკენ მოუწოდა, რადგან ეს ქმედებები „პირდაპირი საშიშროებაა, რომ შეიქმნას არათანაბარი საარჩევნო გარემო და ზიანი მიადგეს საარჩევნო პროცესს“.

31 მაისს თავის განცხადებაში ჟვანიამ დაკონკრეტების გარეშე აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებებით მიმართეს „ცალკეულმა“ კანდიდატებმა, რომლებიც იძულებული გახდნენ ზეწოლის გამო მოეხსნათ საკუთარი კანდიდატურები. მისივე თქმით, ამ „სახიფათო“ პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს კონკრეტულ ოლქებში ცალკეული პარტიული სიების ანულირება და შესაბამისად, საკრებულოს პროპორციული არჩევნებიდან საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმება.

ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 30 მაისს განაცხადეს, რომ დაახლოებით ათ მუნიციპალიტეტში ოცდაათამდე ოპოზიციურმა კანდიდატმა, საიდანაც უმეტესობა ნაციონალური მოძრაობის წარდგენილი იყო, მოხსნა თავისი კანდიდატურა სავარუდო ზეწოლის გამო.

„არსებითად მნიშვნელოვანია, აღიკვეთოს ქმედებები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს არჩევნებზე, ვინაიდან ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია უზრუნველვყოთ თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო უფლება, შევქმნათ ყველა პირობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და კენჭისყრის დღე წარიმართოს თანაბარ და სამართლიან გარემოში“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

„მოვუწოდებ პასუხისმგებელ უწყებებს, მიიღონ შესაბამისი ზომები მსგავსი ზეწოლის ფაქტების გამოძიების, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ და დასძინა, რომ ცესკო მის ხელთ არსებულ მასალებს „დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის“ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნის.