ზუგდიდის საოლქო კომისიამ ნარმანიას დედა და საუბნო კომისიის სხვა წევრები ‘გააფრთხილა’
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ 20 ივნისს ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედას, ნორა ნარმანიას და სოფელ კოკის საუბნო კომისიის სხვა წევრებს დისციპლინარული სასჯელის სახით გაფრთხილება გამოუცხადა იმ ქმედების გამო, რომელიც 15 ივნისს კენჭისყრის დროს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას უკავშირდება.
ნაციონალურმა მოძრაობამ 19 ივნისს გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ კენჭისყრის მიმდინარეობისას ნორა ნარმანიას, რომელიც სოფელ კოკის 97-ე უბნის კომისიის წევრია, ერთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მისი თხოვნის შემდეგ, კომისიის ერთი წევრი ხმის მიცემის შემდეგ შემოხაზულ და კონვერტში მოთავსებულ ბიულეტენს კონვერტიდან უკან იღებს, აჩვენებს მას და მხოლოდ ამის შემდეგ აგდებს საარჩევნო ყუთში, ხოლო მეორე შემთხვევაში კომისიის სხვა წევრი საარჩევნო ყუთში ჩაგდებამდე ასევე აჩვენებს მას ბიულეტენს. კადრებში ასევე ჩანს, თუ როგორ უქნევს ნარმანიას დედა თითს უბანზე მისულ ერთ-ერთ ამომრჩეველს.
ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ამ ქმედებით თბილისის მერობის კანდიდატის დედა „ზეწოლას ახდენს ამომრჩეველზე“ და საარჩევნო ადმინისტრაციას რეაგირებისკენ მოუწოდა. ცესკომ საკითხი შესასწავლად ზუგდიდის საოლქო კომისიას გადასცა, რომელმაც საუბნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ის წევრები, რომლებიც ვიდეოში ჩანან, მათ შორის ნორა ნარმანია მომხდარის გამო გააფრთხილა.
სოფელი კოკის უბანზე ზუგდიდის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებსა და გამგებლის არჩევნებზე პირველ ადგილზე ქართული ოცნება გავიდა, ხოლო საკრებულოს მაჟორიტარის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მიიღო.
დავით ნარმანიამ, რომელსაც თბილისის მერობისთვის ბრძოლაში კონკურენციას მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გაუწევს, განაცხადა, რომ მისი მშობლის ქმედება იყო არა კანონდარღვევა, არამედ „დედობრივი მზრუნველობით“ ნაკარნახევი.
„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის არღვევდა კანონმდებლობას“, – განუცხადა ნარმანიამ 20 ივნისს ჟურნალისტებს, "ის ცალკეული ქმედება, რაც მისი მხრიდან იყო განხორციელებული, ეს არის დედობრივ მზრუნველობასთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ და მხოლოდ და მას კანონმდებლობის რაიმე სახის დარღვევასთან ან გადაცდომასთან, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილი არ აქვს“.