საქართველო სამმხრივ საველე სწავლებას „კავკასიის არწივი 2017“ მასპინძლობს
საქართველო ათდღიან სამმხრივ საველე სწავლებას „კავკასიის არწივი 2017“ პირველად მასპინძლობს და მასში საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები მონაწილეობენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობის განვითარების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და ურთიერთკოორდინაციის დახვეწის მიზნით სპეციალურ დავალებებს შეასრულებენ.
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალურ ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება უკვე მესამედ იმართება. მანამდე აღნიშნულ სწავლებას ორჯერ თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.
წვრთნები სამ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში იმართება. 23 მაისს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ბათუმში მე-5 სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი გამართეს, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ერთობლივი სამხედრო წვრთნები და რეგიონული ეკონომიკური პროექტებისთვის უსაფრთხოების ზომები განიხილეს.
სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების წვრთნების გარდა, 23 მაისის მინისტერიალზე ასევე გაკეთდა განცხადება სექტემბერში ერთობლივი საშტაბო-კომპიუტერული წვრთნების ჩატარების თაობაზე.