უკრაინის და საქართველოს თავდაცვის მინისტრები მხარდაჭერას ადასტურებენ და ერთობლივ ქმედებებს გეგმავენ


უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეფან პოლტორაკი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან , 6 ივნისი, 2017. ფოტო: mil.gov.ua

უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეფან პოლტორაკი 7 ივნისს, საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს, თავის ქართველ კოლეგას ლევან იზორიას შეხვდა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინას შორის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უკრაინაში დაგეგმილ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ორივე ქვეყნის სამხედროების ერთობლივ მონაწილეობას. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინულ მხარეს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გამოცდილების გაზიარების მიზნით უკრაინელი ექსპერტის მივლინება შესთავაზა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა „უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები 2019 წელს JTEC-ში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია“.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს ლევან იზორიამ უკრაინელი კოლეგა საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ ყოველწლიურ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციასა“  და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე მოიწვია.    

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა „საერთო გამოწვევების“ წინაშე დგანან და დასძინა, რომ ორ ქვეყანას სჭირდება „თანამშრომლობის მაღალი ხარისხი იმისათვის, რომ ამ გამოწვევებს ერთიანად გავუმკლავდეთ“.

იზორიამ ასევე განაცხადა, რომ საქართველო შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო და მისი მშვიდობიანად მოგვარების იმედი გამოთქვა. მან მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართა და მადლობა გადაუხადა უკრაინას საქართველოსთვის ანალოგიური მხარდაჭერის გამოხატვის გამო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ორივე ქვეყანას ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები აქვს და აღნიშნა, რომ „ერთ-ერთი ამოცანა იქნება გავააქტიუროთ ჩვენი ჩართულობა მრავალეროვნულ წვრთნებში, მათ შორის ნატოს ეგიდით“. მინისტრის თქმით, უკრაინას და საქართველოს აქვთ „ძალიან კარგი გამოცდილება სამთო მომზადების ცენტრში ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან საერთო წვრთნების ჩატარებისა, ამ მიმართულებითაც გავაქტიურდებით“.

შემდეგ მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში აშენებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც ხელის შეუწყობს ჩვენი საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას“. „ბუნებრივია ამ მიმართულებითაც ჩვენს გამოცდილებას ერთმანეთს გავუზიარებთ და ამ ინფრასტრუქტურასაც საერთო წვრთნებისთვის მომავალში ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად მაქსიმალურად გამოვიყენებთ“.

მოგვიანებით 7 ივნისს პოლტორაკი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა განიხილეს.  7 ივნისს პოლტორაკი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია, სადაც მას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.

6 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ჩაჩიბაიასთან ერთად ახალგორის რაიონის მახლობლად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრა. „[ოკუპანტები] უცხოურ მიწაზე მოვიდნენ, სადაც ისინი ვერსადროს იქნებიან ლეგიტიმური პატრონები“, – განაცხადა პოლტორაკმა ვიზიტის დროს.

იმავე დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრი წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა, სადაც დონბასში ომის დროს დაჭრილი უკრაინელი სამხედროები მკურნალობას გადიან.

This post is also available in: English (ინგლისური)