ქართველი რეპერების დუეტის დაკავებას თბილისში პროტესტი მოჰყვა
საპროტესტო აქცია რეპჯგუფის "ბირჟა მაფიას" მხარდასაჭერად, 10 ივნისი, 2017. ფოტო: Civil.ge/იანა ყორბეზაშვილი
ათასობით მოქალაქე გამოვიდა 10 ივნისს თბილისის და ბათუმის ქუჩებში, რათა პროტესტი გამოეხატათ რეპჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებისა და მთავრობის „რეპრესიული“ ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.
28 წლის რეპერი მიხეილ მგალობლიშვილი (Young Mic) და 21 წლის გიორგი ქებურია (Kay G) პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავა, რაც ისჯება რვიდან ოც წლამდე პატიმრობით ან უვადო პატიმრობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 ივნისს განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მგალობლიშვილის ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA, ხოლო ქებურიას პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი MDMA ამოიღეს.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ გიორგი ქებურია ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. თუმცა, მგალობლიშვილმა უარყო პოლიციის ბრალდება და 9 ივნისს სასამართლო მოსმენაზე განაცხადა, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკი ჩაუდო მათი იმ ვიდეო კლიპის საპასუხოდ, სადაც პოლიციაა გაშარჟებული. მოგვიანებით, ქებურიამაც უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ის აიძულეს, რომ ბრალი ეღიარებინა.
„ბირჟა მაფიას“ სამწუთიანი სიმღერა, სადაც პოლიციელი ძაღლის სახითაა ნაჩვენები, პირველად 2017 წლის მატრში გავრცელდა, თუმცა მალევე აიღეს YouTube-დან, სავარაუდოდ პოლიციის მოთხოვნით. მოგვიანებით, 4 ივნისს YouTube-ზე ახალი ვერსია გაჩნდა, სადაც პოლიციელის პერსონაჟი დაბურულია.
მგალობლიშვილმა სასამართლოს მოსმენაზე განაცხადა, რომ პოლიციელებმა მას დაკავების დროს უთხრეს, რომ მან ამ ვიდეოთი ვიღაც გააღიზიანა და რომ მისი დაკავება მისთვის გაკვეთილი იქნებოდა.
„ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებას თბილიში საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობისკენ რამდენიმე ათასი დემონსტრანტის, მათ შორის, უდლებადამცველი ჯგუფების და აქტივისტების მსვლელობა გაიმართა, რომლებიც პოლიციის ქმედებებს აკრიტიკებდნენ და დაკავებული რეპერების დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
სახალხო დამცველის აპარატმა ამ საკითხზე 10 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ის ყურადღებით მიადევნებს თვალს მოცემულ საქმეს და საკუთარ შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „კლიპის შინაარსი და გამოყენებული ვიზუალი გამოხატვის თავისუფლებით სრულადაა დაცული“. მან მოუწოდე პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება პოლიციის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებზე.
მთავრობის გამოხმაურება
განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა მთავრობის პირველი წარმომადგენელი იყო, რომელმაც ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა. 10 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას ჯეჯელავამ განაცხადა, რომ რეპერებმა კანონი დაარღვიეს და ამიტომ პასუხი უნდა აგონ. „ის, რომ ისინი დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კლიპში, რაც გამოხატეს საშინელებაა ჩემი აზრით, ამასაც ვიტყვი, რომ ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, – დასძინა მან.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 10 ივნისს რეპერების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას“. „თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოვასწროთ სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება“, – განაცხადა პრემიერმა.
„მინდა, აგრეთვე მივმართო ახალგაზრდობას – ჩვენი მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არის მიმართული იმისკენ, რომ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მომავალს შეგიქმნათ თავისუფალი და ცივილიზებული გარემო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
„ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა გვაქვს მიმართული ისეთი ქვეყნის შესაქმნელად, სადაც სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, პიროვნული ინდივიდუალიზმი იქნება არა დაპირება, არამედ – ფაქტი. არც ერთი ახალგაზრდა , არც ერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა და არც მომავალში დგას ჩვენი საზოგადოება ამ საფრთხეების წინაშე“, – განაცხადა მან.
„რაც შეეხება კონკრეტულად ამ ორი ახალგაზრდის დაკავებასთან დაკავშირებულ ვითარებას, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ უმოკლეს ვადაში შეისწავლის აღნიშნული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს“, – დასძინა მან.
მოგვიანებით 10 ივნისს, ბიძინა ივანიშვილის რეპერმა შვილმა, ბერამ Facebook-ზე მოკლე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: „თქვენთან ვარ ბიჭებო“.
ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ვიდეო გზავნილი გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა „რადიკალურადაა შესაცვლელი“.
„თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მთავრობის წევრი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან, თუნდაც ეჭვის დონეზე უშვებ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას, ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ, რომ წარსულში დარჩება, როცა მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია“, – განაცხადა კალაძემ.
„სრულიად დაუშვებელია, რომ რომელი მათგანის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოცხოს ჩვენ პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე“, – განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრმა ასევე დასძინა, რომ „მიდის შიდა მოკვლევა. სტრუქტურის ხელმძღვანელობა გააკეთებს ყველაფერს, რომ თუკი ვინმე არის დამნაშავე ან აქვს გადაცდომა ჩადენილი ამ კონკრეტულ ეპიზოდში, ყველა ადეკვატურად დაისაჯოს“.
This post is also available in: English (ინგლისური)