მოსკოვი თბილისს პრაღის მოლაპარაკებების წინ „საინფორმაციო პროვოკაციაში“ ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შორის 7 ივლისს პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის წინ „საინფორმაციო პროვოკაციის“ მოწყობაში დაადანაშაულა.

„პროპაგანდისტული სატყუარები, რომელთა შეთითხნაც ასეთ შემთხვევებში ხდება, ძალიან გავს ერთმანეთს“, – განაცხადა სამინისტრომ, რომელსაც თბილისის განცხადება ჰქონდა მხედველობაში, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით რამდენიმე ასეული მეტრით გადმოიწიეს.

„ეჭვიც არ გვეპარება, რომ ამ საკითხის განხილვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ყველა წინა შემთხვევის მსგავსად, დაზუსტებით აჩვენებს ამ აბსურდული პრეტენზიების სიმცდარეს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც „რუსეთ-საქართველოს ნორმალიზაციის ოპონენტები ვერ შეუშლიან ხელს პრაღაში კონსტრუქციული შეხვედრის ჩატარებას“.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ პრაღის შეხვედრაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ორი ქვეყნის სატრანსპორტო სამსახურების წარმომადგენლები და „მხარეები გაცვლიან შეხედულებებს საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების“ თაობაზე.

რუსეთის საგარეო უწყებამ დასძინა, რომ „რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ კონტრაქტებს უახლოეს მომავალში მოეწეროს ხელი“ და რომ რუსული მხარე იმედოვნებს, რომ „თბილისი მოგვაწვდის რუსული მხარის მიერ დიდი ხნის წინ მოთხოვნილ განმარტებას საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების საბაჟო გაფორმების საკითხზე“.

საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის აღმართვასთან დაკავშირებით საუბრისას, ზურაბ აბაშიძემ ეს ფაქტი, რის შედეგადაც ადგილობრივმა ქართველმა მოსახლემ საკუთარი მიწის ნაწილი დაკარგა, „არაადამიანურ საქციელად“ შეაფასა. „ადამიანები ასე არ უნდა იქცეოდნენ. სწორედ ასე მოვახსენებ ჩემს რუსს კოლეგას შეხვედრის დროს“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)