პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დიალოგის განახლების შეთავაზებით გამოდის
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, გამოვიდა წინადადებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დიალოგი 10 ივლისიდან დაიწყოს.
აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ, ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა და აღნიშნა, რომ საჭიროა, უახლოეს ხანებში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები დისკუსიის დასაწყებად და იმ საკითხთა ნუსხაზე ჩამოსაყალიბებლად, რომელთა ირგვლივაც კონსენსუსისთვის მზაობა არსებობს.
პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებმაც, მისი თქმით, ქართული საზოგადოების „პროტესტი“ და საერთაშორისო საზოგადოების „კრიტიკული შენიშვნები“ დაიმსახურეს. ასეთებად მან საარჩვენო სისტემის, პრეზიდენტის უფლებამოსილების, უსაფრთხოების და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხები დაასახელა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე, დადებითად შეაფასეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება მმართველი პარტიის მზადყოფნაზე, ჩაერთოს პოლიტიკურ ძალებთან დიალოგში.
„დღეს უკვე ყველა ვაცხადებთ იმას, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია არ იქნება მაღალი ლეგიტიმაციის მქონე. დაბალი ლეგიტიმაციის კონსტიტუცია კი – ვერ უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრას“, – განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა.
„ნუღარ დავაყოვნებთ… გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, შევიკრიბოთ, ალბათ, ორშაბათს, ჩამოვყალიბდეთ – რა საკითხებზე შეგვიძლია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და რით შეგვიძლია ვუპასუხოთ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მკაფიო მოწოდებას, რეკომენდაციას, მითითებას ამ პროცესთან დაკავშირებით“,- დასძინა ფიქრია ჩიხრაძემ.
დიალოგის დასაწყებად კონკრეტული თარიღის შეთავაზებას წინ უძღოდა გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომელშიც პრეზიდენტმა პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს კონსტიტუციის განხილვის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა, „რათა კონსიტიტუცია შედგეს როგორც თანხმობის, როგორც ერის გამაერთიანებელი დოკუმენტი“.
„მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე და აქტიური დიალოგი აწარმოოს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან“, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა სიტყვაში, რომელიც მან 6 ივლისს, აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოთქვა.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ, საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე, ხელისუფლებასთან დიალოგის ინიციატივა 5 ივლისს წამოაყენა.
იმავე დღეს, დიალოგისადმი მზადყოფნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გამოთქვა. მომდევნო დღეს კი, ანალოგიური შინაარსის განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც, გააკეთა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)