საქართველო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მინსკის დეკლარაციაში

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 9 ივლისს მინსკში გამართულ ყოველწლიურ სესიაზე დასკვნითი დეკლარაცია მიიღო, რომელიც რიგ შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციებს მოიცავს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის საქართველოზეც.

ეუთოს რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის რეზოლუციაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სინანულს გამოთქვამს „საერთაშორისო სამართალსა და ნორმებზე დაყრდნობით  საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით პროგრესის ნაკლებობის გამო“ და შეშფოთებას გამოხატავს „ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინველის რეგიონში არსებული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გამო“.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს, რომ „სრულად განხორციელდეს“ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, „რამაც დაასრულა კონფლიქტები აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში, საქართველო“, ასევე მოუწოდებს, რომ ამ ორ რეგიონში „ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი შესვლა“ იქნას უზრუნველყოფილი.

საქართველო ეუთოს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ანგარიშშიცაა მოხსენებული. შვედი დეპუტატის მარგარეტა კედერფელტის ავტორობით მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „უნდა გააძლიეროს პოლიტიკური ჩართულობა რუსეთის ფედერაციას და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგების აღმოსაფხვრელად“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ასევე თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან და გამოიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები, რათა შეიქმნას პირობები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

ანგარიშის თანახმად, „საპარლამენტო დიპლომატიამ უნდა გააძლიეროს ნდობის ჩამოყალიბება მხარეებს შორის და თანამშრომლობის და ურთიერთნდობის ატმოსფერო შექმნას“.

„თუმცა, ვგმობთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამხედრო შეთანხმების დადებას. ცალმხრივი გადაწყვეტილებები, როგორიცაა სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და რეგიონის სახელის გადარქმევა, ასევე აფხაზეთში რუსეთის საელჩოს გახსნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს საქართველოს ტერიტორიაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოში არსებული კონფლიქტების საკითხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინა რამდენიმე რეზოლუციაში, მათ შორის 2016 წლის თბილისის დეკლარაციაშიც გაშუქდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)