სოხუმის და ცხინვალის ლიდერებმა თანამშრომლობაზე იმსჯელეს

ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა, რაულ ხაჯიმბამ და ანატოლი ბიბილოვმა, სოხუმში შეხვედრა გამართეს და ორ რეგიონს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  

ანატოლი ბიბილოვი ექვსწევრიანი დელეგაციის თანხლებით აფხაზეთის ლიდერს რაულ ხაჯიმბას 7 ივლისს შეხვდა.

შეხვედრამდე გაკეთებულ განცხადებებში ხაჯიმბამ და ბიბილოვმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორი რეგიონის მოსახლეობას „საუკუნოვანი“ მეგობრობა აკავშირებს და კულტურის, ჰუმანიტარულ და ეკონომიკის სფეროებში შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ორი რეგიონის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ თანამშრომლობის სივრცე საკმაოდ ფართოა და საჭიროა მისი სრულად გამოყენება.

„არსებობს ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ლოჯისტიკის საკითხები არცთუ ყველაზე საუკეთესოა, მაგრამ მანევრირებისთვის სივრცე არსებობს, სადაც შეგვიძლია, რომ აქტიურად ვიმუშავოთ; ესაა კულტურის საკითხები, ჰუმანიტარული საკითხები“, – განუცხადა ხაჯიმბამ ჟურნალისტებს.

პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ საუბრისას ანატოლი ბიბილოვმა ხაზი გაუსვა, რომ სოხუმი და ცხინვალი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე „საერთო ფრონტით“ გამოდიან.

„ჩვენ მსგავსი ისტორია და პრობლემის მსგავსი გაგება გვაქვს; მსგავსი ტკივილი, რომელიც გადავიტანეთ. ამიტომ, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიდის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება“, – განაცხადა ბიბილოვმა. 

ოკუპირებული რეგიონების ლიდერებმა ასევე ისაუბრეს რუსეთთან ურთიერთობებზე, რა დროსაც ბიბილოვმა ხაზი გაუსვა რუსეთის ძალისხმევას, რომ გაიზარდოს იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ორ რეგიონს აღიარებენ. ამ ეტაპისთვის, მხოლოდ რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუამ ცნეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.  

„მხარეებმა ხაზი გაუსვეს აფხაზეთის რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო და პარტნიორული ურთიერთობების დიდ მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობის და უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და ორი სახელმწიფოს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერების თვალსაზრისით“, – ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ამ საკითხზე პრესკონფერენციაზე საუბრისას ბიბილოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი „ერთობლივ კონსულტაციებს მართავენ და მიმდინარეობს მუშაობა იმ ქვეყნების რაოდენობის გასაზრდელად, რომელთაც გვაღიარეს“.

სამხრეთ ოსეთის ლიდერის აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში სოხუმის და ცხინვალის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროებმა და საზოგადოებრივმა პალატებმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ფარგლებში ორი რეგიონის საგარეო უწყება 2017-2018 წლების კონსულტაციების გეგმაზე შეთანხმდა.

ბიბილოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, იგი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს და ასევე ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებს ეწვევა. ბიბილოვმა რაულ ხაჯიმბა ცხინვალში მიიწვია, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)