კვირიკაშვილმა ახალი ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი დანიშნა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილია ელოშვილი, ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა.

ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. 

„იგი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრი, ასე, რომ მინისტრობის გამოცდილებაც აქვს და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევს თავს ამ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და ამოცანებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 12 ივლისს მთავრობის სხდომაზე საუბრისას. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ელოშვილს „აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორსა და საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. ვფიქრობ, იქნება ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი“.

ილია ელოშვილს 2012 წლიდან ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. წლების მანძილზე იგი რიგ საერთაშორისო პროექტებში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. 2008-2010 წლებში იგი ფონდის „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო; 2011-2012 წლებში მას ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის Tetra Tech Inc. ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ასევე 12 ივლისს პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშნა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და საგარეო მიმართულების პრიორიტეტებში აწევა იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით განსახორციელებლად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)