ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 250 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სესხის სახით 250 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც ქვეყნის საგზაო ინფრასქტრუქტურის მშენებლობას და რეაბილიტაციას მოხმარდება, განაცხადეს EIB-მ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხუთშაბათს.

შესაბამის სასესხო შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა 13 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოაწერეს ხელი.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ ევროპისგან. ყველა ეს ნაბიჯი, საბოლოო ჯამში, გადადგმული უნდა იყოს იქითკენ, რომ სწრაფად მოხდეს ქვეყანაში ძირითადი ინფრასტრუქტურის დასრულება, რომელმაც უნდა გააძლიეროს საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი, ასევე უნდა შემატოს ჩვენს ქვეყანას რეგიონებს შორის დამაკავშირებელი შესაძლებლობები და გააადვილოს ქვეყნით შიგნით გადაადგილება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ.

250 მილიონი ევრო მეორე და ბოლო ტრანშია იმ 500 მილიონი ევროს ოდენობის სესხისა, რომელიც ბანკმა საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 253 კმ-ის ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის გამოყო.

ამას გარდა, ევროპის საინვესტიციო ბანკი დამატებით 3.5 მილიონ ევროს დაფინანსებას გამოყოფს ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციისთვის. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილ 20 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რაც საჭირო გახდა ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრეზიდენტმა ჰუდაკმა ხაზი გაუსვა ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის არსებულ ათწლიან წარმატებულ თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ბანკმა დღემდე საქართველოში 1.5 მილიარდი ევროს საერთო ღირებულების 21 პროექტი დააფინანსა.

„ჩვენი საბოლოო მიზანია სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ზრდა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ეს სასესხო ხელშეკრულებები, რომელთაც დღეს მოვაწერეთ ხელი, სწორედ ამას ისახავს მიზნად“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)