თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა
რაშიდ მერედოვნი და მიხეილ ჯანელიძე,17 ივლისი, 2017. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი 17 ივლისს თბილისს ესტუმრა, სადაც თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს შეხვდა.
პირველი შეხვედრა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ქართველ კოლეგასთან გამართა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს გამოხატული იქნა ძალიან მაღალი დონის ვიზიტებით, შეხვედრებით და დარწმუნებული ვარ, რომ აღებული ტემპით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს მივაღწევთ მომავალშიც“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ რაშიდ მერედოვთან ერთობლივ ბრიფინგზე.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მათ რიგი ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილეს, მათ შორის ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში.
"ჩვენი ორი ქვეყანა მდებარეობს განსაკუთრებულ ადგილას, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული შესაძლებლობები, რომ არა მარტო სარგებელი მოვუტანოთ ჩვენ ორ ქვეყანას ჩვენი თანამშრომლობით, არამედ სარგებელი მოვუტანოთ მთელს რეგიონს", – განაცხადა ჯანელიძემ ბრიფინგზე.
„თურქმენეთი რა თქმა უნდა ძალიან დიდ როლს თამაშობს სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სატრანზიტო პროექტების განვითარების კუთხით და ჩვენ ამ მიმართულებებზე ვიმსჯელეთ და დავსახეთ კონკრეტული მიზნები რათა ერთობლივად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვიმუშაოთ ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებაზე“, – დასძინა ჯანელიძემ.
თანამშრომლობა ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში ასევე იქნა განხილული მერედოვის შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და პრეზიდენტ მარგველაშვილთან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა „ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის, ლაპი-ლაზულის რკინიგზის და ტრანსკასპიური პროექტების განვითარების, ასევე, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს“.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ განხილვის მთავარი თემა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა იყო ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში, მათ შორის პროექტ „თეთრი ნაკადის“ ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ ასევე აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი თურქმენეთს „უახლოეს მომავალში“ ეწვევა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, თურქმენეთი ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2016 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ თურქმენეთთან 85.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტის მოცულობამ 10.3 მლნ აშშ დოლარი (2015 წელს 16 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობამ 75.4 მლნ აშშ დოლარი (2015 წელს 112 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)