არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
შეიხ აბდულა ბინ ზაიედი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; 17 ივლისი, 2017. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი 17-18 ივლისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს.
შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა თბილისში უკვე გამართა შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ვაჭრობის, ეკონომიკის, განათლების და კულტურის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„აღნიშნული ვიზიტი ნათელი დადასტურებაა ჩვენი ორმხრივი სურვილის გააქტიურდეს და გაღრმავდეს თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ერთობლივ ბრიფინგზე.
„ჩვენ განვიხილეთ ის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, რომელიც ჩვენს ორ ქვეყნას შორის არის; რა თქმა უნდა, ციფრები ჯერ კიდევ არ წარმოადგენს იმ რეალურ პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას გააჩნია, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს დადებითი, მზარდი სტატისტიკა“, – დასძინა ჯანელიძემ.
შეხვედრის ბოლოს მინისტრებმა ორ დოკუმენტს მოაწერეს ხელი: ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას და ასევე დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელთათვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას.
„საქსტატის“ ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
2016 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან 170.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტის მოცულობამ 32 მლნ აშშ დოლარი (2015 წელს 28.1 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობამ 138.2 მლნ აშშ დოლარი (2015 წელს 210.1 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)