უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ


პეტრო პოროშენკო და გიორგი მარგველაშვილი, 18 ივლისი, 2017. ფოტო: president.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, 17-19 ივლისს საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მოლაპარაკებები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა.

პოროშენკომ ასევე მიიღო მონაწილეობა საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმში თბილისში, ორი ქვეყნის საინვესტიციო ფორუმი გახსნა ბათუმში და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, ზურაბ პატარაძეს, შეხვდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა პოროშენკომ მადლობა გადაუხადა საქართველოს მისი მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის დონბასის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის კონტექსტში. 

მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის რუსული ოკუპაცია, ვაჭრობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტი და ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სატრანზიტო პროექტები.

თავის ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად, პრეზიდენტმა პოროშენკომ ხელი მოაწერა დეკლარაციას უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების თაობაზე, რომელიც საერთო ინტერესებისა და ქვეყნების წინაშე არსებული მსგავსი გამოწვევების გათვალისწინებით, მხარეებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას, დეოკუპაციას, მოსკოვზე დიპლომატიურ ზეწოლას, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებას ისახავს მიზნად.

შეხვედრის დროს ორმა პრეზიდენტმა ასევე გაამახვილა ყურადღება ორმხრივ თანამშრომლობაზე დიპლომატიურ ფორმატში, მათ შორის გაეროს გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოში. „ჩვენ ერთნაირი პრობლემები გვაქვს – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოში; ყირიმი და დონბასის გარკვეული რაიონები უკრაინაში: ამიტომ, უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა გაეროში, პირველ რიგში უშიშროების საბჭოში“, – აღნიშნა პოროშენკომ.

მან ოპტიმიზმი გამოხატა ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ და მიესალმა მათ ძალისხმევას ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით; პოროშენკომ აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია „როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“.

პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე საუბრისას პრეზიდენტმა პოროშენკომ მადლობა გადაუხადა იმ ქართველებს, „რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მივიდნენ 2014 წელს [ომის დაწყების შემდეგ], რადგანაც ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, ისინი საქართველოს დაიცავდნენ“.

„თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90-იან წლებში და 2008 წელს. ეს არის ჩვენი მეზობლის, რუსეთის ფედერაციის ინტერესები, რომელიც ხორციელდება პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროს პოლიტიკით, პოლიტიკით, რომელსაც მოაქვს დესტაბილიზაცია, მოაქვს ადამიანური ტრაგედია, აშორებს ერებს“, – უპასუხა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. 

მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ განაგრძოს უკრაინასთან თანამშრომლობა საერთაშორისო არენაზე და საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის გაეროში, ეუთოსა და ევროპის საბჭოში საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ქმედებების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

პოროშენკოს ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებიც იქნა განხილული. მხარეებმა იმსჯელეს ბარიერების გაუქმებაზე, სარკინიგზო და საბორნე ტრანსპორტირების ტარიფების კოორდინირებაზე, ასევე თავისუფალი სავაჭრო სივრცის გაფართოებაზე.

18 ივლისს საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა პოროშენკომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისკენ მოუწოდა, 2016 წელს არსებული 526 მლნ აშშ დოლარიდან 1 მილიარდ აშშ დოლარამდე მომდევნო წლებში. „526 მილიონი აშშ დოლარი 2016 წელს – ვფიქრობთ, ეს მაჩვენებელი არ ასახავს იმ პოტენციალს, რომელიც უკრაინას და საქართველოს გააჩნიათ. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ რამდენიმე წელიწადში“, – განაცხადა პოროშენკომ.

ბიზნეს ფორუმზე პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილიც გამოვიდა სიტყვით და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინელ ბიზნესმენებს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს.

19 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფელ ხურვალეთსაც ესტუმრა.

„ჩვენ – საქართველოს და უკრაინას – საერთო აგრესორი გვყავს და ეს არის რუსეთის ფედერაცია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ძალიან ჰგავს ერთმანეთს: ქაოსი, უიმედობა, ჰუმანიტარული კატასტროფა“, – განაცხადა პოროშენკომ მას შემდეგ, რაც მოკლე საუბარი გამართა ეთნიკურ ქართველთან, დავით ვანიშვილთან, რომლის სახლიც სოფელს იქნა მოწყვეტილი მავთულხლართების აღმართვის შედეგად.  

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპაცია „პოლიტიკურ-დიპლომატიური“ გზით შეიძლება მოგვარდეს და ამისათვის საჭიროა „მთელი მსოფლიოს ერთობა და სოლიდარობა საქართველოს და უკრაინის მიმართ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)