აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა ანგარიშში

გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ადამიანის უფლებების შესახებ თავის ყოველწლიურ ანგარიშში, რომ „რუსეთის ქმედებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარების გაუარესება მოყვა“.

20 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიში საგარეო უწყების და მისი დიპლომატიური ქსელის მიერ 2016 წელს განხორციელებულ საქმიანობებს მოიცავს მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის ხელშეწყობის მიმართულებით.

დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე იმ ნაწილში საუბრობს, რომელიც რუსეთის ფედერაციას ეხება.

„გადაადგილების თავისუფლებაზე მზარდი ზეწოლა ხორციელდებოდა, მათ შორის საბუთების ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის, გამშვები პუნქტების დახურვის და ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების გასწვრივ მავთულხლართების აღმართვის გზით“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ენაზე განათლების მიღება მნიშვნელოვნად შემცირდა და მიღებულ იქნა კანონები, რომლებიც ეთნიკური ქართველებისთვის ცხოვრების და ქონების ფლობის უფლებებს ზღუდავს“.

„გაერთიანებული სამეფო კვლავ მოუწოდებს რუსეთს და ორივე რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებს შეუშვან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, – ნათქვამია ანგარიშში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)