ოთხი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია გაერთიანდა

ოთხმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ გაერთიანების და 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი ძალებით მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 

ამის შესახებ ოპოზიციურმა ძალებმა – „ახალმა საქართველომ“, „საქართველოს ევროპელმა დემოკრატებმა“, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ და საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ – დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

„გავერთიანდეთ! დავივიწყოთ ვიწროპარტიული ინტერესები. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება. ჩვენ უნდა დავამარცხოთ საქართველოს ხელისუფლებაში არსებული არაფორმალური მმართველობა იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება“, – მიმართა „ახალმა საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, თბილისის მერობის ოპოზიციურ კანდიდატებს და პროდასავლურ ოპოზიციურ  პარტიებს. ვაშაძემ ასევე კიდევ ერთხელ წამოაყენა ინიციატივა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მერობის და საკრებულო წევრობის ერთიანი კანდიდატები პრაიმერის გზით გამოავლინონ.

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას, თქმით, გაერთიანების თაობაზე სხვა ოპოზიციური პარტიებისგან გამოხმაურების მოლოდინში, ოთხი არასაპრლამენტო ოპოზიციური პარტია არ ჩქარობს არც მერობის საკუთარი კანდიდატის და არც საარჩევნო ბლოკის სახელწოდების დასახელებას. „ჩვენ ვითხოვთ არა ჩვენ გვერდში დგომას, არამედ ყველას ერთად დგომას“, – განაცხადა დავითაიამ.

„ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ღრმა სტაგნაციაში შეიყვანა. თითოეული დღე უფრო და უფრო ამძაფრებს ამ კრიზისს. თვითმმართველობის არჩევნები იძლევა შანსს, შევცვალოთ არაფორმალურ მმართველობაზე დამყარებული ხელისუფლება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა გამყრელიძემ, გააცნო.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვეს და თბილისის მერობის კანდიდატები დაასახელეს, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეთავაზებას სკეპტიკურად შეხვდნენ

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც და ევროპულ საქართველოშიც ფიქრობენ, რომ პროდასავლური ოპოზიციური ძალების გაერთიანება არჩევნების მეორე ტურში, ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებული ოპოზიციური კანდიდატის ირგვლივ უნდა მოხდეს. თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა კი – გაერთიანების შესახებ ინიციატივას „არასერიოზული“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)