რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერს ბიჭვინთაში შეხვდა


ვლადიმირ პუტინი და რაულ ხაჯიმბა ბიჭვინთაში, 8 აგვისტო, 2017. ფოტო: კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის ლიდერს რაულ ხაჯიმბას 8 აგვისტოს ბიჭვინთაში შეხვდა და მოსკოვსა და სოხუმს შორის თავდაცვის, პოლიციის, ეკონომიკის და ჯანდაცვის სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილა.

შეხვედრა რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავზე გაიმართა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტიდან ერთი კვირის თავზე. 

„ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები აფხაზეთში, აფხაზურ მიწაზე“, – მიმართა პუტინმა ხაჯიმბას შეხვედრამდე გაკეთებულ განცხადებაში. „ჩვენ აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს: აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას უზრუნველვყოფთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება“.

შეხვედრის დღის წესრიგზე საუბრისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ისინი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ, მათ შორის იმსჯელებენ აფხაზურ-რუსული ერთობლივი სამხედრო შენაერთის განვითარებისა და ერთობლივი  საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შესახებ, რომლის ჩამოყალიბებასაც რეგიონში წინააღმდეგობა მოყვა.

„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია [რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების], ვგულისხმობ, რომ როგორც აფხაზეთის მოქალაქეები, ისე სტუმრები, საიდანაც არ უნდა ჩამოვიდნენ ისინი, მათ შორის რუსეთიდან, უნდა გრძნობდნენ, რომ ისინი საიმედოდ არიან დაცულნი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ერთობლივი მუშაობა გაზრდის აქ მყოფი ტურისტების უსაფრთხოების დონეს“, – განაცხადა პუტინმა.

შეხვედრამდე გაკეთებულ კომენტარში რაულ ხაჯიმბამ მადლიერება გამოხატა პუტინის მიმართ როგორც მისი პირადი, ისე რუსეთის მხარდაჭერის გამო და აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციის წყალობით, აფხაზეთი წინ მიიწევს თავისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის მშენებლობის გზაზე და აგვარებს თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებს“.

აფხაზეთის ლიდერმა საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივმა პარლამენტმა უკვე მოახდინა მისი შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება და რომ ეს სტრუქტურა „მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“. „აფხაზეთისთვის გადამწყვეტია, რომ მისი მაცხოვრებლები და სტუმრები კომფორტულ პირობებში ცხოვრობდნენ“, – განაცხადა ხაჯიმბამ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ადგილობრივების და ტურისტების წუხილები რეგიონში დანაშაულის დონის ზრდის თაობაზე.

ხაჯიმბამ ასევე განაცხადა, რომ 8 აგვისტო „დასამახსოვრებელი თარიღია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებისთვის: ამ დღეს ქართულმა არმიამ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო, ხოლო რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებულმა გადამწყვეტმა ქმედებებმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და აფხაზეთის შენარჩუნება შესაძლებელი გახადა, და რა თქმა უნდა, ჩვენი პატარა სახელმწიფოების შემდგომ აღიარებას შეუწყო ხელი, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ“.

შეხვედრის შემდეგ საუბრისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ცხრა წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ „დიდი სამუშაო განხორციელდა და მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საკითხებში“.  

„აფხაზეთი – რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა, რომელთანაც ჩვენ საერთო ისტორია და სულიერი კავშირი გვაერთიანებს. რუსეთი მომავალშიც დაეხმარება აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, საიმედოდ უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და ყოველმხრივ პოლიტიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენს“, – განაცხადა პუტინმა.

პრეზიდენტმა პუტინმა რეგიონისთვის რუსეთის ფინანსურ მხარდაჭერაზეც ისაუბრა, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და კვების წარმოების სფეროებში. „აფხაზეთის რესპუბლიკას ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს, რომ კიდევ უფრო გაზარდოს პროდუქციის მიწოდება რუსულ ბაზარზე, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთმა გარკვეული ქვეყნებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე დააწესა“, – აღნიშნა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის ლიდერმა განბაჟების პროცედურების გამარტივების და ფიტოსანიტარული სამსახურების მუშაობის შემოწმების საკითხიც დააყენა. „ჩვენ გვაქვს გარკვეული იდეები. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში მათ რეალიზებას მოვახდენთ“, – განაცხადა მან.

ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრზე საუბრისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მისი მიზანი „დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ერთობლივი ძალისხმევის ეფექტურობის ზრდაა“. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის აფხაზეთში რუსი ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები და აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა აფხაზეთში „განაგრძობს საკვანძო როლის შესრულებას რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში“.

აფხაზეთის ლიდერმა ასევე ისაუბრა შეხვედრის დეტალებზე. მისი თქმით, შეხვედრა „ტრადიციულად მეგობრულ გარემოში და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა და ძალიან სასარგებლო იყო აფხაზეთის და რუსეთის საერთო ინტერესების თვალსაზრისით“.

ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შესახებ საუბრისას ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ახალი სტრუქტურა „სერიოზული და ეფექტური ინსტრუმენტი იქნება დანაშაულთან ბრძოლის საქმეში“. მან ასევე განაცხადა, რომ გრძელდება მუშაობა „თავდაცვის და უსაფრთხოების საერთო ჩარჩოს“ ჩამოსაყალიბების და მოსკოვის და სოხუმის საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის თაობაზე. 

„აფხაზეთის რესპუბლიკა იყო, არის და იქნება რუსეთის მტკიცე მოკავშირე და მეგობარი. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის და რუსეთის პროდუქტიული თანამშრომლობა, რომელიც მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებს ეფუძნება, კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი ხალხების სასარგებლოდ“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ვერონიკა სკვორცოვამ, და მისმა აფხაზმა „კოლეგამ“, თამაზ ცახნაკიამ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის გაგრძელების თაობაზე.  

თბილისის რეაგირება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის პრეზიდენტის „ვიზიტი“ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში“ და განაცხადა, რომ ის წარმოადგენს „საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებას“ და „უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“.

„აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე მსგავსი ქმედება ემსახურება სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის გზით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას რუსეთის მხრიდან. ამ ნაბიჯით კრემლი ასევე უშედეგოდ ცდილობს თავისი საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერასა და ლეგიტიმაციას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას“. მან ასევე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, „სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის აგრესიულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)