2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 14 აგვისტო

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.

მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.
  

14 აგვისტო:
  

  • Human Rights Watch-ის მკვლევარები ოსი მებრძოლების მიერ ქართული სოფლების „განადგურების და ძარცვის საშინელი სურათის“ შესახებ იტყობინებიან.  
  • რუსეთის სამხედრო ძალები სენაკის ქართულ სამხედრო ბაზას ძარცვავენ
      
  • რუსმა სამხედროებმა და ოსმა მებრძოლებმა გორის მიდამოებში დღის განმავლობაში რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი გაძარცვეს
      
  • რუსი სამხედროები ფოთში განაგრძობენ საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის განადგურებას
      
  • 14:00 საათზე გორში დამატებითი რუსული სამხედრო ძალები შედიან
      
  • გაეროს სტრუქტურები და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციები ვერ შედიან ყოფილ კონფლიქტის ზონაში, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში. 
      
  • 15:40 საათზე რუსი სამხედროები რამდენიმე ქართველ პოლიციელს ძარცვავენ და ქარელის რაიონის სოფელ დოღლაურის მახლობლად მათ მანქანას იტაცებენ. 
      
  • ვრცელდება ინფორმაცია გორის და ქარელის რაიონების სოფლებში ოსი მებრძოლების მიერ განხორციელებული ძარცვის შესახებ. 
      
  • 17:00 საათზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს გორის მახლობლად პირდაპირი ჩართვის დროს ტყვია ხვდება და იჭრება
      
  • თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ თბილისში ჩამოდის და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „უნდა შენარჩუნდეს“. 
      
  • საქართველოს პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მიერ დსთ-ის დატოვების თაობაზე. 
      
  • აშშ-ის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი აცხადებს ომთან დაკავშირებით, რომ  რუსეთს საქართველოს დასჯა სურს, რადგანაც ის დასავლეთთან ინტეგრაციას შეეცადა და რომ პუტინს სურს დაიმკვიდროს რუსეთის ტრადიციული გავლენის სფერო. 
      
  • პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო და დიპლომატიური მანევრირების გზით აშანტაჟებს საქართველოს, რათა აიძულოს ის მიიღოს „მიუნჰენის ტიპის გარიგება“ – იგი 1938 წლის შეთანხმებას გულისხმობდა, რომელმაც საშუალება მისცა ნაცისტურ გერმანიას ჩეხოსლოვაკიის ნაწილის ანექსია განეხორციელებინა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)