ბორჯომის ხეობაში ხანძარს მეხუთე დღეა ებრძვიან


ვერტმფრენი ბორჯომის ტყეში ხანძარს აქრობს, 24 აგვისტო, 2017. ფოტო: gov.ge

1500-მდე მეხანძრე-მაშველი და პოლიციელი განაგრძობს ბრძოლას ხანძართან, რომელიც 20 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბის მახლობლად გაჩნდა და 100 ჰექტარზე მეტ ტყის ფართობს მოედო.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედმა საგანგებო შტაბმა 24 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ხანძრის კერებთან მისასვლელად დამატებით ახალი გზები – საერთო ჯამში 12 კილომეტრი – გაიჭრა.

„ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების საშუალებას გამორიცხავს“, – ნათქვამია საგანგებო შტაბის განცხადებაში. შტაბის ინფორმაციით, 24 აგვისტოს დილიდან მუშაობა ექვსმა სამაშველო ვერტმფრენმა განაახლა.

ამავე განცხადებაში, საუბარია სტიქიის ზონაში ჰაერის ხარისხის შესახებ. „კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია“, – აცხადებს საგაგენო შტაბი. შტაბის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ მოხსნა ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა და ორსულთათვის ორი დღით წინ გავრცელებული რეკომენდაციები ხანძრის დროს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. 


მეხანძრეები ბორჯომის ტყეში ხანძარს ებრძვიან, 24 აგვისტო, 2017. ფოტო: gov.ge

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 24 აგვისტოს, ჟურნალისტებთან საუბრისას მადლიერება გამოთქვა სომხეთის, აზერბაიჯანი, ბელარუსის და თურქეთის მიმართ, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვნენ და დასძინა, რომ საქართველოს დახმარება რიგმა ქვეყნება, მათ შორის, ბულგარეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, ირანმა, ისრაელმა, უკრაინამ, ბრიტანეთმა და აშშ-მ, შესთავაზეს.

კვირიკაშვილი რუსეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ამ დღეების განმავლობაში ეს საკითხი იყო აქტიური განხილვის საგანი“. „რუსეთმა გამოთქვა დახმარების მზადყოფნა. ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საგანგებო შტაბმა ასევე განაცხადა, რომ ხანძრის სხვა მცირე კერები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაჩნდა, სრულად ან ნაწილობრივ ლიკვიდირებულია. 

კიდევ ერთი ხანძარი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობაში ტყის მასივს 22 აგვისტოს საღამოს გაუჩნდა, იმავე დღეს, გვიან ღამით სრულად ჩააქრეს. ბორჯომისა და ატენის ხეობებში გაჩენილ ხანძართან საბრძოლველად, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, შეიარაღებული ძალების გამოყენების ბრძანება გასცა. საგანგებო შტაბის თანახმად, „ატენის ხეობაში ჯარისკაცები კვლავ არიან მობილიზებულები, რათა განმეორებითი საფრთხე თავიდან იქნას აცილებული“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)