Amnesty International: ახალგორელი აქტივისტისთვის ბრალის წაყენება გამოხატვის თავისუფლების „უხეშ შელახვას“ წარმოადგენს

„სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების“ მიერ ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის, დაკავება და მისთვის ცილისწამების ბრალდების წაყენება წარმოადგენს „გამოხატვის თავისუფლების უხეშ შელახვას“, – ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის 21 აგვისტოს გავრცელებულ ანგარიშში. 

ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ 16 აგვისტოს დააკავა. მას ბრალად დასდეს სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია ოსეტიას“, მიმართ ცილისწამება. მეარაყიშვილი რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მის მიმართ გამოძიება გრძელდება.

„მოსაზრებების გამოთქმის გამო აქტივისტის დასჯა, მის მიმართ ცილისწამების ბრალდების წაყენებით, უხეშად ხელყოფს გამოხატვის თავისუფლებას. თამარ მეარაყიშვილს უფლება აქვს თამამად გააკრიტიკოს ხელისუფლების წარმომადგენელები. დე ფაქტო ხელისუფლებამ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს“, – განუცხადა 25 აგვისტოს Civil.ge-ს ლევან ასათიანმა, სამხრეთ კავკასიაში Amnesty International-ის წარმომადგენელმა. 

21 აგვისტოს ანგარიშში, სათაურით „სადავო რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ახშობს გამოხატვის თავისუფლებას“, ნათქვამია, რომ თამარ მეარაყიშვილს სისხლის სამართლის ბრალდება უნდა მოეხსნას, ხოლო „დაზარალებულ მხარეს, ცილისწამების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შეუძლია სასამართლოში მხოლოდ სამოქალაქო წესით იდავოს“.

„თამარ მეარაყიშვილი ხშირად განიცდის დევნას სოციალურ მედიაში აქტივობის გამო. უკანასკნელ დაკავებამდე, იგი 2008 წლის შემდეგ ექვსჯერ იყო დაბარებული პროკურატურაში, სადაც მას დაემუქრნენ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო“, – ვკითხულობთ ანგარიშში. 

თბილისში მეარაყიშვილის დაკავება დაგმეს და შეაფასეს, როგორც „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“. პასუხად, ცხინვალმა თბილისს ბრალად დასდო „რესპუბლიკის შიდა საქმეებში ჩარევა“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)