ევროსასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს რვა კონკურსანტიდან შეარჩევენ

ევროსასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატის ადგილზე, რომლებიც ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა დაიწუნა, რვა კონკურსანტი განიხილება. ისინი 28 აპლიკანტიდან გასაუბრებისთვის 13-წევრიანმა კომისიამ შეარჩია, რომელიც იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობით მოქმედებს. 

26 აგვისტოსთვის დაგეგმილ გასაუბრებაზე მოწვეულნი არიან:

  • ირაკლი ადეიშვილი − შპს „ჯეოსელის“ უფროსი იურისტი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი, სასამართლო მედიატორი, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
  • თამარ ალანია − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი;
  • ნინო ბაქაქური − საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი;
  • იოსებ ბაჩიაშვილი − სამართლის დოქტორი, მეცნიერი, უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
  • კონსტანტინე ვარძელაშვილი − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
  • კონსტანტინე კორკელია − იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით;
  • ოთარ სიჭინავა − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე; 
  • ლალი ფაფიაშვილი − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით.

სამოქალაქო საზოგადოების ბოიკოტი

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის, რომელიც შესარჩევი კომისიის წევრია, 25 აგვისტოს განაცხადა, რომ აღარ აპირებს მონაწილეობას ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცედურებში. მიზეზად კი დაასახელა ის ფაქტი, რომ კომისიამ „ორჯერ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას – მკაცრი, სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის შედეგად“ შეერჩია კვალიფიციური კანდიდატები. 

„[ჩვენ] არ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამედ იმავე შემადგენლობისა და პროცედურების პირობებში კონკურსი ობიექტურად ჩაივლის და მიგვაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე სრულად აზრი ეკარგება კომისიის მუშაობაში ჩვენს ჩართულობას“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის განცხადებაში.

გასაუბრებაზე მისვლას არ აპირებს კომისიის კიდევ ერთი წევრიც – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი. უარის მიზეზად ისიც საკონკურსო კომისიის შემადგენლობის უცვლელობას ასახელებს.

განმეორებითი შესარჩევი კონკურსი

საქართველომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ევროსასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს, საიდანაც ასამბლეა ერთ მოსამართლეს აირჩევს. სამი კანდიდატის შესარჩევი ეროვნული კონკურსი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. 2017 წლის იანვარში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სია დაიწუნა, რის გამოც მთავრობამ მეორე კონკურსი 2017 წლის თებერვალში გამოაცხადა.

მეორე ეროვნული კონკურის ფარგლებში, 2017 წლის მაისში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა 13-წევრიანმა კომისიამ ხუთი კანდიდატი გამოავლინა. საქართველოს მთავრობამ ხუთიდან სამი კანდიდატი მოიწონა და მათი სია განსახილველად წარუდგინა ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც, სამკაციანი სიის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საბოლოო წარდგენამდე, კანდიდატების კვალიფიკაციის თაობაზე მთავრობას კონფიდენციალურ დასკვნას აწვდის.

2017 წლის ივლისში, ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა სამი კანდიდატიდან დადებითი დასკვნა მხოლოდ ერთ კანდიდატზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე, ლადო ჭანტურიაზე) გასცა, რომელიც ევროკონვენციის კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებდა. ორი დაწუნებული კანდიდატის ადგილზე კი ხელახალი კონკურსი გამოცხადდა. 

საქართველომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მოსამართლეობის კანდიდატთა სამკაციანი სია 31 აგვისტომდე უნდა წარუდგინოს.

საქართველოს მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი წინა მოსამართლის, ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოიწურა, თუმცა გახანგრძლივდა მას შემდეგ, რაც PACE-ს კომიტეტმა საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ  თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)