ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს წყვეტს
მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, დღეს გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ოპოზიცურ პარტიებთან კონსულტაციებში მონაწილეობას და, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე, ქვეყნის ძირითად კანონს მესამე მოსმენით, რედაქციული ცვლილებებით დაამტკიცებს.
ეს განცხადება გავრცელდა იმ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, რომლის გამართვასაც, საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე კონსენსუსის მისაღწევად, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას სტრასბურგში სთავაზობდა.
ქართულმა ოცნებამ ოპოზიციური პარტიები „კონტრპროდუქტიულ ქმედებებში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ყოველგვარი აზრი დაკარგა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვამ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ“, ვინაიდან ოპოზიციამ დიალოგის პროცესი „საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში“.
„საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით“, – აცხადებს ქართული ოცნება.
„საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების საფუძველზე, საქართველოს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, ექნება იმგვარი კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავს ქვეყანაში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას“, – ვკითხულობთ საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაში.
მმართველი პარტიის განცხადებას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა მესამე მოსმენისთვის დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს „უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა და განაცხადა, რომ „დღეს ქართულმა ოცნებამ დაადასტურა ის, რაც ყველამ კარგად იცოდა, რომ მათ მიზანი იყო ამ ერთპარტიული, ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი კონსტიტუციის მიღება“.
ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ტუღუშის თქმით კი, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით, ქართული ოცნება ქვეყანას კიდევ უფრო დიდ „ჩიხში შეიყვანს“.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღო, ოპოზიციური სპექტრის ძირითად უკმაყოფილებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ნორმები იწვევს.
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადის 2024 წლამდე გახანგრძლივებას და პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლების ჩამორთმევას აპროტესტებს.
ქართულმა ოცნებამ, „საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის“ განსახილველად, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა 18 აგვისტოს გამართა და სთხოვა მათ, წერილობით წარმოედგინათ ის საკითხები, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭრდნენ ახალ კონსტიტუციას.
ქართული ოცნების წინადადების პასუხად, ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებებში მონაწილეობის პირობები წამოაყენეს და ხელისუფლებისგან მოითხოვეს, დაბრუნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ვარიანტის განხილვას, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითვალისწინებდა.
ოპოზიციის „ულტიმატუმების“ გამო, ქართულმა ოცნებამ კონსულტაციების გაგრძელების შესაძლებლობა ჯერ კიდევ 26 აგვისტოს უარყო.
დიალოგზე მმართველი პარტიის უარის მიუხედავად, არასაპარლმენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი ხელისუფლებასთან კონსულტაციების შესაძლებლობების ძიებას განაგრძობდა. არასაპარლამენტო ოპოზიციაში საჭიროდ მიიჩნევდნენ 6 სექტემბერს სტრასბურგში გამგზავრებას, სადაც ვენეციის კომისიის შუამავლობით საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განეხილათ.
დღევანდელი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ უარი ვენეციის კომისიის ხელშეწყობით დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზეც თქვა.
საპარლამენტო უმრავლესობამ, „საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის“ ვენეციის კომისიას მადლობა გადაუხადა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)