წინასწარი შედეგები: კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებს იგებს


კახა კალაძე, 21 ოქტომბერი, 2017. ფოტო: ქართული ოცნება

წინასწარი შედეგების თანახმად, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში იმარჯვებს.  

თბილისის 737-ივე უბნიდან მიღებული შედეგების თანახმად, კახა კალაძემ ხმების 51.3% მიიღო და არჩევნებს მეორე ტურის გარეშე იგებს; შემდეგ მოდიან დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ხმების 17.49%-ით; ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ხმების 16.53%-ით და ევროპული საქართველოს კანდიდატი ელენე ხოშტარია 7.12%-ით.

პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა ხმების 3.02% მიიღო; შემდეგ მოდიან ახალი საქართველოს კანდიდატი გიორგი ვაშაძე და დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს კანდიდატი კახა კუკავა 1.95%-ით და 1.26%-ით შესაბამისად. სხვა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების 1%-ზე მეტი.

მმართველმა პარტიამ საკრებულოს არჩევნებიც მოიგო და 50-წევრიან საკრებულოში ადგილების ოთხ-მეხუთედზე მეტი მოიპოვა. 

This post is also available in: Русский (რუსული)