საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური, რომელიც ოფიციალური ვიზიტით მინსკს სტუმრობს, დღეს თავის ბელარუს კოლეგას, ვალერი ვაკულჩიკს შეხვდა.

გომელაურმა და ვაკულჩიკმა „საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეთანხმების ხელმოწერა მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას.

„შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით, ასევე, საგარეო ურთიერთობებისა და სხვა სფეროებში“, – ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ბელარუსის  სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ასევე გაავრცელა პრესრელიზი, რომლის თანახმადაც დოკუმენტი შექმნის „სამართლებრივ საფუძველს ბელარუსის რესპუბლიკის და საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებების გაცვლისა და ურთიერთდაცვის მიზნით, ორი ქვეყნის სახელმწიფო ორგანოების და ორგანიზაციების ორმხრივი თანამშრომლობის პროცესში“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს გაფორმებული აქვს „ნატო-ს და ევროკავშირის წევრ ოცამდე ქვეყანასთან და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან“.

This post is also available in: English (ინგლისური)