ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინი“ უკვე საქართველოშია
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის „ჯაველინის“ შესყიდვის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული.
ამის შესახებ 23 იანვარს, თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, იან კელისთან სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ახლო მომავალში დაიწყება ქართველი სამხედროების შესაბამისი მომზადება, რათა მათ შეიძინონ ის უნარები, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის საჭირო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინის“ მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება გასული წლის ნოემბერში მიიღო.
ამერიკული ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინი“, რომელსაც მისი მწარმოებელი Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture მსოფლიოს ყველაზე მძლავრ გადასატან ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემად მოიხსენიებს, ფართოდ გამოიყენება აშშ-ის არმიის და საზღვაო ქვეითების მიერ.
გასული წლის დეკემბერში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ჯაველინების“ შესყიდვა ორ ეტაპად განხორციელდება.
This post is also available in: Русский (რუსული)