ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი: ჩაბუქის გათავისუფლება ‘დიდი სიხარული და შვებაა’
ევროპარლამენტის წევრი რებეკა ჰარმსი. ფოტო: facebook.com/RebeccaHarmsMEP/
ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი, რომელიც EURONEST–ის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის 60-წევრიან დელეგაციას ხელმძღვანელობს, 11-15 თებერვალს საქართველოს სტუმრობდა EURONEST–ის საკომიტეტო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.
თბილისში რებეკა ჰარმსი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს, მმართველი და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს, ასევე სახალხო დამცველს და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
Civil.ge-მ რებეკა ჰარმს თბილისში ვიზიტის შემდეგ ინტერვიუ ჩამოართვა.
გასულ კვირას თქვენ თბილისს სტუმრობდით, სადაც EURONEST–ის საკომიტეტო შეხვედრებში მიიღეთ მონაწილეობა. შეგიძლიათ მოკლედ გვიამბოთ ამ შეხვედრების დღის წესრიგის შესახებ?
EURONEST–ის საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო შეხვედრების დროს ჩვენ შემდეგი საკითხები განვიხილეთ: უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები; ენერგოეფექტურობის განვითარება და ენერგომდგრადობა, ასევე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოების გაზრდა.
ყველაზე საინტერესო იყო განვითარებაში სხვაობების და პარალელების, ასევე იმ გამოწვევებისა და პრობლემების უკეთ გაგება, რომელთა წინაშეც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები დგანან, რათა დაგვედგინა, თუ როგორ შეგვიძლია უკეთ დავეხმაროთ ერთმანეთს.
ერთობლივ სამუშაო ჯგუფში პარლამენტარებმა ასოცირებული ქვეყნებიდან და ევროპარლამენტის წევრებმა განიხილეს, თუ როგორ ვიმუშაოთ ასოცირების შეთანხმებების უკეთ განხორციელებაზე და დაბრკოლებების გადალახვაზე.
15 თებერვალს, საქართველოში თქვენი ვიზიტის ბოლო დღეს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს ციხეში შეხვდით. თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც თბილისში დემირელის კოლეჯის მასწავლებლად მუშაობდა, ნახევარ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა და თურქეთში ექტრადიციის გარდაუვალი საფრთხე ემუქრებოდა გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირების გამო. რას ფიქრობთ ამ საკითხზე და თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ექსტრადიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით?
საქართველოს ხელისუფლების დახმარებით, მე მუსტაფა ციხეში მეორედ მოვინახულე. გუშინდელი ინფორმაცია, რომ ის ციხიდან გირაოთი გაათავისუფლეს, ჩემთვის დიდი სიხარული და შვება იყო. მე უკვე ვესაუბრე მას ტელეფონით. ძალიან გამიხარდა იმის მოსმენა, რომ ის უკვე თავის ოჯახთანაა. ტელეფონში ასევე მესმოდა მისი მოსწავლეების და კოლეგების ხმები და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მას ახლა შეუძლია თავისუფლებით დატკბეს. მისი ყოფილი მოსწავლეების მშობლებთან გამართული უამრავი საუბრის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ მას უყვარს თავისი საქმე და კარგი განათლება მისცა უამრავ ქართველ ბავშვს. არ მესმის, რატომ შეიძლება მისნაირ ადამიანს ტერორისტობა და ძალადობის მხარდაჭერა დასწამო.
ახლა მოუთმენლად ველით საბოლოო გადაწყვეტილებას მისი თურქეთში ექსტრადიციის შესახებ. რაც დარწმუნებით ვიცი ისაა, რომ თუ ქართული სასამართლო მის თურქეთში ექსტრადირებას გადაწყვეტს, მას ისევე დააპატიმრებენ, როგორც მანამდე, 2016 წლიდან მოყოლებული ათიათასობით სხვა ადამიანი დააპატიმრეს. თურქეთში უკვე დაკავებული ათიათასობით ადამიანის მსგავსად, მასაც არ ექნება სამართლიანი სასამართლოს არანაირი შანსი. სწორედ ეს არის მიზეზი, რისთვისაც ის საქართველოში უნდა დაიცვან – ქვეყანაში, რომელსაც იგი 15 წელი ემსახურა. ამ პოზიციას ბევრი კოლეგა იზიარებს ევროპარლამენტში და საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა სასამართლომ იციან ის ფაქტი, რომ ამ წუთას თურქეთში კანონის უზენაესობა არ არსებობს და დიდი იმედი მაქვს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მუსტაფა და მისი ოჯახი საქართველოში უსაფრთხოდ იქნებიან.
ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოს სურს, კარგი ურთიერთობები ჰქონდეს თურქეთთან. მუსტაფას შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ საქართველომ პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და ღირებულებების საკითხებზე.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებას და შემდგომ დაპატიმრებას საქართველოში სერიოზული გამოხმაურება მოყვა. რას იტყოდით ამ ინციდენტის შესახებ და როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას მასზე?
აფგან მუხთარლის გატაცება კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე და სკანდალური შემთხვევაა. ევროპარლამენტში ვერ ვიჯერებდით, რომ მსგავსი რამ თბილისის ცენტრში მოხდა. აფგან მუხთარლის არ დააპატიმრებდნენ აზერბაიჯანში, საქართველოში ეს კრიმინალური ქმედება რომ არ მომხდარიყო. მე და ჩემი კოლეგები ევროპარლამენტიდან დარწმუნებულები ვართ, რომ საჭიროა ამ საქმის გამჭირვალე და ზედმიწევნითი გამოძიება.
ჩემს გამომგზავრებამდე წინა საღამოს, თბილისში საჯარო დებატები გაიმართა, რომელშიც ჩემი ქართველი კოლეგები მონაწილეობდნენ, მათ შორის, მმართველი პარტიის დეპუტატი, თამარ ხულორდავა და ოპოზიციის წარმომადგენელი, სერგი კაპანაძე. დიდად ვაფასებ, რომ ორივე მათგანი შეთანხმდა იმაზე, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა საუკეთესო გზაა გამოძიების ხელშეწყობისა და საქმეში სიცხადის შეტანისთვის.
ევროკომისიამ დეკემბრის ანგარიშში განაცხადა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის ამოცანების შესრულებას განაგრძობს, თუმცა შემდგომი გაუმჯობესების საჭიროება მაინც დგას. თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი წევრი სახელმწიფო შეშფოთებულია ქართველი თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდის გამო. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხზე და როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამას შეჩერების მექანიზმის გამოყენება მოჰყვეს?
თბილისში ვიზიტის დროს, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში არსებული პრობლემების შესახებ შევიტყე. ამის თაობაზე, მე უკვე დავუკავშირდი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასევე ვესაუბრე ქართველ მინისტრებს და პარლამენტარებს. რამდენადაც მესმის, ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის ერთობლივად მოგვარებას.
რა თქმა უნდა, დანაშაული არ უნდა შევიწყნაროთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დავიცვა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მეტი კონტაქტები, მეტი შეხვედრები, მეტი ურთიერთობა გვჭირდება საქართველოს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ხალხებს შორის. ვიზალიბერალიზაცია მდგრადი და ძლიერი ურთიერთობების ქვაკუთხედია.