საქართველო პენიტენციური სისტემის შესახებ ევროპის საბჭოს ანგარიშში
საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს და მათი რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე 256.3-ს შეადგენს, ნათქვამია ევროპის საბჭოს დაკვეთით მომზადებულ ანგარიშში.
ლოზანას უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში 2015-2016 წლებს მოიცავს და ევროპის საბჭოს 47 წევრ სახელმწიფოში არსებული 52 ციხის ადმინისტრაციიდან 47-ის შესახებ უზრუნველყოფს ინფორმაციას, ლიხტენშტაინის, უკრაინის, რუსეთის და ბოსნია და ჰერცეგოვინას სამი ციხის ადმინისტრაციიდან ორის გარდა.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში პატიმართა საერთო რაოდენობა 2016 წელს 9 534-ს შეადგენდა, რაც 6.7%-ით ნაკლებია 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით (10 242). პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილების რაოდენობა 12 681-ს შეადგენდა, ხოლო თითოეულ პატიმარზე გამოყოფილი სივრცე ოთხი კვადრატული მეტრი იყო.
პატიმართა ყველაზე დიდ რაოდენობას (34.4%) 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ხოლო 73 პატიმრის (0.8%) განაჩენი სამუდამო პატიმრობა იყო. პატიმრობის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში 16.9 თვე, ხოლო ევროპის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელი 7.8 იყო.
2016 წლის ყველაზე ფართოდ გავრცელებული დანაშაულია სხვადასხვა სახის ქურდობა (8 619), შემდეგ მოდის ნარკოდანაშაული (3 284) და მკვლელობა (1 193). საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოექცა, სადაც ნარკოდანაშაულისთვის ყველაზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს (39%), მალტასთან (43.5%), ანდორასთან (33.3%), იტალიასთან (30.8%) და ისლანდიასთან (30.3%) ერთად.
12 დარეგისტრირებული გარდაცვალებით (მათ შორის 2 თვითმკვლელობით), საქართველოს მეხუთე ადგილი უკავია იმ ქვეყნებს შორის, სადაც სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ყოველ 10 000 პატიმარზე 11.7-ს შეადგენს 2015 წელს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)