ახალგორელი აქტივისტი დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან „დევნაზე“ საუბრობს
ახალგორში მცხოვრებმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა, ვის მიმართაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას გასული წლის აგვისტოდან ცილისწამების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული, დღეს კომენტარი გააკეთა მეორე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებითაც, რომელიც 10 დღის წინ იქნა აღძრული.
ახალი სისხლის სამართლის საქმე „ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებასა და გამოყენებას“ უკავშირდება. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მეარაყიშვილმა ისე მოიპოვა „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა“, რომ უარი არ უთქვამს საქართველოს მოქალაქეობაზე, რაც აქტივისტის მიმართ ახალი გამოძიების საფუძველი გახდა.
„საქმე არის უკანონოდ აღძრული და ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩემს დევნას და შევიწროებას, რომ იძულებული გავხდე, დავტოვო აქაურობა“, – განაცხადა დღეს მეარაყიშვილმა ტვ-პირველთან საუბრისას. მისივე თქმით, პირველი სისხლის სამართლის საქმეც მისი დაშინების და ზეწოლის მიზნით აღიძრა, რადგან შვიდი თვის მანძილზე ცილისწამების საქმეზე გამოძიება პრაქტიკულად არ წარმოებულა.
თამარ მეარაყიშვილს ჩამორთმეული აქვს დოკუმენტები და უკვე შვიდი თვეა არ ეძლევა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დატოვების შესაძლებლობა. მეარაყიშვილის თქმით, მას მხოლოდ ცხინვალის რეგიონის ფარგლებში გადაადგილების უფლება აქვს, თუმცა ამ უფლებასაც მხოლოდ „სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საჭიროებისთვის“ იყენებს, რადგან შესაძლო „პროვოკაციებისგან“ თავის არიდება სურს.
მეარაყიშვილის თქმით, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ინფორმირებულია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ აქტივისტის მიმართ ახალი საქმის აღძვრის შესახებ და თვალყურს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს.
ცოტა ხნის წინ, მეარაყიშვილის საკითხს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც გამოეხმაურა და მოითხოვა, რომ ახალგორელ აქტივისტს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება მისცემოდა.
This post is also available in: Русский (რუსული)