კობახიძე Freedom House-ის ანგარიშს და ‘ფსევდო-ლიბერალურ’ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე, 12 აპრილი, 2018. ფოტო: facebook.com/KobakhidzeOfficial
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ Freedom House-ის ბოლო ყოველწლიური ანგარიში გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კვლევა, რომლის მიხედვითაც 2017 წელს საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაუარესდა, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიკერძოებულია და მასზე გავლენა მოახდინა „ფსევდოლიბერალურმა ძალებმა“, რომლებიც „თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს“.
12 აპრილს ქართული ოცნების შტაბბინაში სპეციალ ბრიფინგზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ „ფუნდამენტური წინსვლა განიცადა 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“.
„2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო გაყალბებული არჩევნები, ნულოვანი ბალანსი ხელისუფლების ორგანოებს შორის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა – მათ შორის ადამიანების წამების, გაუპატიურების, საკუთრების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, სასამართლოს სრული დაქვემდებარება იუსტიციის სამინისტროზე, ხელისუფლების ტოტალური თვითნებობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართალია ეს პრობლემები მომდევნო წლებში წარმატებით მოგვარდა, საქართველოს საერთო დემოკრატიულობის ქულაში, ასევე კონკრეტული კატეგორიების, მათ შორის დამოუკიდებელი მედიის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და სამოქალაქო საზოგადოების შეფასებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ასახულა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კვლევის თანახმად, 2012 წელთან შედარებით, საერთოდ არ შეცვლილა ქვეყნის რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც, „ღიმილის მომგვრელია“. „2012 წლის მოცემულობა იყო ხელისუფლების სრული მონოპოლია მედიაგარემოზე. 2004-12 წლებში სამივე საერთოეროვნულ მაუწყებელზე – რუსთავი 2-ზე, იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკანონო გზით გავლენა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ იგივე შეიძლება ითქვას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. „2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ამის შედეგი იყო უკანონო სისხლისსამართლებრივი განაჩენები ათასობით და ათიათასობით ადამიანის წინააღმდეგ, სასამართლო წარმატებით გამოიყენებოდა ბიზნესმენებისა და სხვა პირთა რეკეტის ინსტრუმენტად, აგრეთვე პოლიტიკური დევნის მექანიზმად“, – განაცხადა კობახიძემ.
„ასევე, გაკვირვებას იწვევს უცვლელი რეიტინგი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში. თუ 2012 წლამდე, სამოქალაქო საზოგადოება იყო მეტწილად ლოიალური ხელისუფლების მიმართ, 2012 წლის შემდეგ მისი დამოკიდებულება ოპოზიციურისკენ შეიცვალა, რაც დადებითად უნდა ასახულიყო შესაბამის რეიტინგზე. თუმცა, კვლევის ავტორებმა ამ შემთხვევაშიც ტენდენციურობა გამოავლინეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია, ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები იმის თაობაზე, რომ „სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან“. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დადებითად არიან განწყობილი პროდასავლური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ, თუმცა, ეს მხარდაჭერა უკვე დიდი ხანია აღარ ვრცელდება სააკაშვილსა და მის პარტიაზე“.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ანგარიში, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გავლენა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება, იმეორებს „რუსთავი 2-ისა და მიხეილ სააკაშვილის სხვა მეგობრების მიერ ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს, რომელიც შენების ნგრევად წარმოჩენას ცდილობს“. „საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მმართველობის ნიშნების დაკონკრეტებასაც კი ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, საფუძველს არის მოკლებული“, – განაცხადა კობახიძემ.
„ფსევდო-ლიბერალური“ ძალები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ანგარიშის წყაროებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ავტორები იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს დაეყრდნენ, რომლებიც გამოირჩევიან „კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციური დამოკიდებულებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ“.
„არსებობს ე.წ. ლიბერალური, უფრო სწორად ფსევდო-ლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ამის საუკეთესო ილუსტრაციაა NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც საქართველოში საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა“.
კობახიძე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ძალებს „არავითარი საერთო არა აქვთ ლიბერალიზმთან და ლიბერალურ ღირებულებებთან ამ სიტყვის კლასიკური გაგებით“. „ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ რომ ლიბერალური ხელისუფლება და უფრო მეტიც, ვიტყოდი, ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში“, – განაცხადა მან.
„ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ფასეულობებს როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, ზოგადად სამართლიანობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა. ამავდროულად, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენ ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიებს და რომლებიც ასევე უპირისპირდებიან შესაბამის ღირებულებებს აშშ-ში“, – დასძინა მან.
პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაგირება
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ასევე გააკრიტიკა Freedom House-ის ანგარიში და განაცხადა, რომ მისი შეფასება არის „უკიდურესად არაობიექტური“ და „დაუბალანსებელ ინფორმაციაზე დაყრდნობილი“. „მე ვფიქრობ, რომ Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართული ოცნების მთავრობამ „უდიდეს პროგრესს“ მიაღწია დემოკრატიის გაძლიერების საქმეში. „რა თქმა უნდა, ეს არ არის თვითკვაყოფილების საბაბი და ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისათვის, რომ მართლაც ევროპული დემოკრატია შევქმნათ“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობისთვის და ქვეყნისთვის უფრო სასიკეთო იქნება, რომ „დრო და რესურსი მივმართოთ არა Freedom House-ის კრიტიკისკენ, არამედ ამ პრობლემების დანახვის, აღიარების და მათი გადაჭრისკენ“.
„როდესაც ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ქვეყნის შოგნით მოქმედ ძალიან ავტორიტეტულ ჯგუფებზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას, რომ მედიის თავისუფლების, სასამართლოს, თვითმმართველობის და არჩევნების მიმართულებით პრობლემები გაქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ამას უნდა მოეკიდოს ყურადღებით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური)