ფინანსთა მინისტრი ფილიპინებს სტუმრობს და აზიის განვითარების ბანკის შეხვედრას ესწრება
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, მანილაში აზიის განვითარების ბანკის სამდღიან ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება. გუშინ ის აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ტაკეჰიკო ნაკაოს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ, ბახტაძემ განაცხადა, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკისთვის „ერთ-ერთი მსხვილი დონორი ორგანიზაციაა“. მანვე აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, მას აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა“ ჰქონდა.
„ბანკის მეშვეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურაში, ყოველწლიურად, დაახლოებით 250 მლნ დოლარის ინვესტიცია იდება. ჩვენ საქართველოში აზიის განვითარების ბანკის პორტფელის გაფართოების შესაძლებლობა განვიხილეთ, რათა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება შევძლოთ“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.
3 მაისს, მამუკა ბახტაძე ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მაღალი დონის დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან რეგიონულ ეკონომიკაში საქართველოს როლსა და ევროკავშირთან და ჩინეთთან „თავისუფალი ვაჭრობაზე“ ისაუბრა.
ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის, ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვენჩაი ჟანს, ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ვერნერ ლიპახს და აღმასრულებელ დირექტორს სკოტ დოუსონს.
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ფილიპინებში 2 მაისს გაემგზავრა. მისი პრესსასამხურის ინფორმაციით, იგი აზიის განვითარების ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს და საქართველოში 6 მაისს დაბრუნდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)