ჰოჯესი: საქართველომ თავი ისე უნდა დაიცვას, რომ რუსეთმა ადვილად ვერ გადაყლაპოს
გენერალ-ლეიტენანტი (გადამდგარი) ბენ ჰოჯესი, რომელიც ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი და ნატოს ქვეითი ჯარების სარდალი იყო, ამბობს, რომ რუსეთი ნატოს მოკაშირეებს შორის ბზარის გაჩენას ცდილობს, თუმცა ალიანსი ისეთი ერთიანი და ძლიერი როგორიც დღეს არის, დიდი ხანია არ ყოფილა. საქართველოზე საუბრისას, ჰოჯესი ამბობს, რომ ქვეყანას საუკეთესო ჯარისკაცები ჰყავს. სამ ვარსკვლავიან გენერალს ასევე მიაჩნია, რომ საქართველომ თავდაცვის კონცეფცია ისე უნდა შეიმუშაოს, რომ რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა იყოს. გენერალ ბენ ჰოჯესს ია მეურმიშვილი ესაუბრა.
როგორ აფასებთ ნატო-რუსეთის ურთიერთობას ამ ეტაპზე?
ჩემი აზრით, ალიანსს მკაფიო და ძლიერი რეაგირება ჰქონდა რუსეთის აგრესიაზე. რუსეთი პასუხსიმგებლობის მქონე დიდი სახელმწიფოს შესაფერისად არ იქცევა. რუსეთი ცდილობს დაარღვიოს საერთაშიროსი წესრიგის ნორმები, გავლენა იქონიოს ჩვენს ინსტიტუტებზე, სასამართლო სისტემაზე და ნატოსა და ევროკავშირის წევრებს შორის ბზარი გააჩინოს.
რუსეთს სურს მთელმა სამყარომ ის დაინახოს, როგორც ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ალიანსის და ევროკავშირის დასუსტებით არის შესაძლებელი. ნატო და ევროკავშირი ამ დამოკიდებლებას მკაფიოდ გამოეხმაურა. ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ძალაში რჩება. 2014 წლიდან, ყოველ სამიტზე, ალიანსმა შეკავების მეთოდები გააძლიერა. ივლისის ბრიუსელის სამიტზე კი სავარაუდოდ რეაგირების გზების დახვეწაზე იქნება საუბარი. ჩემი აზრით, ალიანსი დღეს იმაზე ძლიერია, ვიდრე წარსულში იყო. გამოწვევები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მე ასეთი ერთიანი ალიანსი არ მახსოვს.
თქვენი აზრით, ნატოს ამ ერთობას აქვს თუ არა გავლენა რუსეთის თვითშემეცნებაზე და იმაზე, თუ როგორ უყურებს ის არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვა ქვეყნებსაც?
რუსები აცნობიერებენ, რომ ალიანსი შესაძლებლობებს აძლიერებს. ერთი რეგიონი, რომელიც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შავი ზღვის აუზია. ეს მათთვის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, საუკეთესო საწყისი პოზიციაა. რუსეთი ამ რეგიონს სტრატეგიულად მიიჩნევს. ამის გამო, ნატო ისეთივე ძლიერი უნდა იყოს ამ რეგიონში, როგორც ის ბალტიისპირეთშია.
ის ფაქტი უდავოა, რომ რუსეთი ამ რეგიონში დიდძალი ფულის და ძალისხმევის ინვესტირებას ახდენს, იმისთვის, რომ რეგიონის ქვეყნები ევროკავშირს და ნატოს არ შეუერთდნენ. ამ მიზნისთვის, ის დემოკრატიულ ინსტიტუტებში არსებულ ბზარებს იყენებს და ამას დიპლომატიურ, ეკონომიკურ და სამხედრო მეთოდებს ამატებს.
საქართველო არაერთი თვალსაზრისით, რთულ რეგიონში მდებარეობს. რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა ნატოს წევრია, ზოგი რუსეთის მოკავშირე. როგორ უნდა გაართვას ქვეყანამ თავი გეოპოლიტიკურად ამ რთულ გარემოს?
ეს საკითხი რამდენიმე ასპექტს უკავშირდება. უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები წლების მანძილზე, უწყვეტად აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, მსოფლიოში საუკეთესო ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღის ჯაველინების მიყიდვა ამის კარგი მაგალითებია. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია. საქართველოს თავდაცვისუნარიანობას რაც შეეხება, ჩემი აზრით, შეიარაღებული ძალების მეთაური და თავდაცვის მინისტრი კარგად აცნობიერებენ, რომ ქვეყანა ისე უნდა გძალიერდეს, რომ რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა იყოს. იმ დრომდე, სანამ დამხმარე ძალები არ ჩამოვლენ და მე ვფიქრობ, ისინი ჩამოვლენ.
კიდევ ერთი ასპექტი ის არის, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონის ნაწილია. საკუთარი უსაფრთხოებისადმი რეგიონულ კონტექსტში მიდგომა მნიშვნელოვანია. რუსეთს სამხრეთიდან ასე უნდა მივუდგეთ. როდესაც რუსები შავი ზღვის რეგიონს შეხედავენ, უსაფრთხოების მიზნით გაერთიანეულ ექვს ქვეყანას უნდა ხედავდნენ. ამაში საზღვაო ოპერაციები, ერთობლივი წვრთნები, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა მოიაზრება. ეს ყველაფერი საქართველოს უსაფრთხოების ხარისხს საგრძნობლად გაზრდის.
თქვენი აზრით, ივლისში, ნატოს ბრიუსელის სამიტზე ამ თემაზე საუბარი იქნება?
ამის დიდი იმედი მაქვს. ალიანსის მხრიდან, შავი ზღვის მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებაზე ყურადღების გამახვილება გაცილებით ეფექტიანი იქნება, ვიდრე რეგიონის ინდივიდუალურ ქვეყნებზე ზრუნვა.
შავი ზღვა რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამასთან, ყირიმის ანექსიის შემდეგ, შავ ზღვაში ტერიტორიული წყლების საზღვრები შესაძლოა, შეიცვალოს, ეს კი ევროპის ბევრ ქვეყანაზე მოახდენს გავლენას.
დიდწილად, ამერიკის მხრიდან დახმარების შემდეგ, კატარღის გადაცემა იქნება ეს, არსებული აღჭურვილობის შეკეთება, თუ სხვა სახის დახმარება, საქართველო შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებაში საკუთარ როლს უკვე თამაშობს.
დიახ, ისინი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ბევრ რამეს აკეთებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებაა. შეკავების კრიტიკული ასპექტი სისწრაფეა, საფრთხის ამოცნობის სისწრაფე, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და ძალების მობილიზების ისიწრაფე. საქართველოს უფრო მალე ეცოდინება, თუ რა ხდება სინამდვილეში, ვიდრე შეერთებულ შტატებს. იგივე ეხება მოლდოვას, უკრაინას და სხვა ქვეყნებს.
რეგიონის ქვეყნების მხრიდან, ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარება, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავის დასაცავად აღჭურვილობის ყიდვა.
თქვენ საქართველოსთან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობთ, როგორ შეაფასებდით ქვეყნის განვითარებას, ამ პერიოდის განმავლობაში, სამხედრო თვალსაზრისით?
ერთი რამ რაც არ იცვლება, არის ჯარისკაცების ხარისხი. მოხიბლული ვარ ქართველი ჯარიკაცებით. მე ისინი ავღანეთში რამდენჯერმე ვნახე. ისინი ძლიერი, გაუტეხელი შემართების მქონე, სანდო ჯარისკაცები არიან. ოფიცრები, რომლებსაც მე შევხვდი, კარგად მომზადებული საზრიანი ხალხია. ხვდებიან რა გამოწვევები აქვთ და ფიქრობენ მათი გადალახვის გზებზე. ინვესტიცია, რომელსაც საქართველო დებს ჯარში მომსახურე ქალებისა და კაცების მომზადებაში, ნებისმიერი სახის აღჭურვილობის ყიდვაზე უფრო მნიშვნელოვანია.
ქვეყნის თავდაცვის კონცეფციისადმი მიდგომაზე რას იტყვით?
თავდაცვის სწორი კონცეფციის შემუშავება, ყველაზე მნიშნვნელოვანი პირველი ნაბიჯია. ჯერ ეს კონცეფცია უნდა შემუშავდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყიდოთ აღჭურვილობა. საკუთარი ძალების ორგანიზება, თავდაცვის სტრატეგიაზე მორგებით უნდა გააკეთოთ. ვფიქრობ, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის.
ფინეთთან და ესტონეთთან შეხვედრა კარგი გადაწყვეტილება იყო. ისინი რუსეთს ესაზღვრებიან და ისინიც იყვნენ რუსეთის სამხედრო თავდასხმის სამიზნე. საქართველოს მხრიდან კარგი გადაწყვეტილებაა მსგავსი სტრატეგიული გამოწვევების მქონე მოკავშირეებთან ახლო სამხედრო კავშირები და ომის გამოცდილების გაზიარება.
თქვენი აზრით, საქართველო რუსეთის მხრიდან ომის საფრთხის წინაშე ისევ დგას?
ამ საფრთხის წინაშე ყველა ვდგავართ. თუმცა, ეს შეიძლება, სხვადასხვა სახით გამოიხატოს, იყოს კინეტიკური, ელექტრონული, ან სხვა სახით. ჩვენ ყველა რუსეთის სამიზნეები ვართ. დეზინფორმაციის გამოყენებით რუსეთი ჩვენს ინსტიტუტებს თავს უწყვეტად ესხმის. ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და რუსეთს მკაფიოდ დავანახოთ, რომ მათ ზოგიერთ ნაბიჯს ჩვენ არ შევეგუებით.
ვფიქრობ, საქართველომ უნდა გააგრძელოს ყველაფრის კეთება იმისთვის, რომ რუსეთმა ადვილად ვერ გადაყლაპოს. ამისთვის მოკავშირეებთან, შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან ახლო თანამშრომლობა აუცილებელია.
ქვეყნის შიგნით გადასადგმელ ნაბიჯებს რაც შეეხება, რუსეთი სარგებლობს მაშინ, როდესაც მოსახლეობაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობაა, როდესაც მედიას საკუთარი საქმის გაკეთების საშუალება არ ეძლევა. ეს დიდი სისუსტეა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხს არჩევნების, მედიის დამოუკიდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობის სჯეროდეს. როდესაც ეს ნდობა ქრება, რუსეთი დეზინფორმაციით და სხვა მეთოდებით, ამ სისუსტეს გამოიყენებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)