მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა
საქართველოს პარლამენტმა 20 ივნისს ახალი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მთავრობა 99 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ბახტაძის მთავრობაში თანამდებობებს შემდეგი მინისტრები დაიკავებენ:
- სასჯელაღსრულების მინისტრი – კახა კახიშვილი;
- კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე;
- თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;
- ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ჩერქეზიშვილი;
- განათლების და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
- გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
- ფინანსთა მინისტრი – ნიკოლოზ გაგუა;
- საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
- შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი;
- იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
- შრომის, ჯანმრთელობის და სოციალ საკითხთა მინისტრი – დავით სერგეენკო;
- რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
- სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი.
დებატების დროს, საპარლამენტო ოპოზიციამ მამუკა ბახტაძის მთავრობა გააკრიტიკა. ევროპული საქართველოს წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობა სამართლიანობისკენ საზოგადოების მოლოდინს ვერ დააკმაყოფილებს და „ასეთი მიდგომით და ასეთი შემადგენლობით ეს მთავრობა ვერანაირ პოზიტივს ამ ქვეყანას ვერ მოუტანს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ კი აღნიშნა, რომ „ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ძველმოდური იდეებით“ და რომ ახალი მთავრობის „სოციალისტური იდეები“ კიდევ უფრო გააღრმავებს პრობლემებს ეკონომიკაში.
მამუკა ბახტაძე, რომელსაც 2017 წლის ნოემბრიდან ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, ქვეყნის მთავრობის მეთაურად მას შემდეგ დასახელდა, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად მმართველ პარტიასთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
რეფორმების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არსებული სამინისტროების თოთხმეტიდან თერთმეტამდე შემცირებას გეგმავს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სტრუქტურულ ცვლილებებს ხანგრძლივი საკანონმდებლო პროცედურები ესაჭიროება, მთავრობა პარლამენტის წინაშე არსებული შემადგენლობით წარსდგა.
ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და მიხეილ ჯანელიძემ თანამდებობები უკვე დატოვეს და მთავრობის საბოლოო შემადგენლობის დამტკიცებამდე, მათ მოვალეობას მოადგილეები შეასრულებენ. ჯერჯერობით უცნობია ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას ახალ მინისტრთა კაბინეტში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)