საქართველომ და ჰონგ კონგმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის, ჰონგ კონგის მთავრობებმა 28 ივნისს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც საქონლითა და მომსახურებით ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებას ისახავს მიზნად.
შეთანხმებას Belt and Road-ის სამიტის გახსნით ცერემონიალზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ხოლო ჰონგ კონგის სახელით, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა ედვარდ იუა თან-ვამ მოაწერეს.
შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე (სავარაუდოდ 2018 წლის ბოლოს), საქართველო ჰონგ კონგიდან შემოსული პროდუქციის 96.6%-ს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის, სასმელებისა და ალკოჰოლის გარდა, ტარიფებს არ დაუწესებს, ხოლო ჰონგ კონგი საქართველოდან შესულ პროდუქციას გადასახადებისგან სრულად გაათავისუფლებს.
საქართველომ და ჰონგ კონგმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები 2016 წლის სექტემბერში დაიწყეს და 2017 წლის აპრილში წარმატებით დაასრულეს. შედეგად, კავკასიის რეგიონში ჰონგ კონგმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ პირველ შეთანხმებას მოაწერა ხელი. მანამდე, 2017 წლის მაისში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი საქართველომ და ჩინეთმა მოაწერეს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წელს ჰონგ კონგთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვმ 108.93 მილიონი აშშ დოლარი იყო, ექსპორტის მოცულობა 6.35 მილიონი აშშ დოლარი (4.28 მლნ აშშ დოლარი 2016 წელს), ხოლო იმპორტის მოცულობა 102.58 მილიონი აშშ დოლარი (77.04 მლნ აშშ დოლარი 2016 წელს).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)