ნატო და საქართველო პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
ნატოს 29 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა 12 ივლისს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა გამართეს და უსაფრთხოების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელიც ხაზს უსვამს „ალიანსთან საქართველოს ურთიერთობის უნიკალურ მასშტაბს და სიღრმეს“.
დეკლარაციაში მოკავშირეები აღიარებენ „რეფორმების კუთხით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და კვლავ უნდა განაგრძოს, რაც ეხმარება საქართველოს წევრობისთვის მომზადების გზაზე და რომელიც აძლიერებს საქართველოს თავდაცვის და ალიანსთან თავსებადობის შესაძლებლობებს“.
დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო ალიანსის უახლოესი მოქმედი პარტნიორია და რომ ალიანსი „დიდად აფასებს საქართველოს მიერ ნატოს ოპერაციების და მისიების მტკიცე მხარდაჭერას“.
დეკლარაცია კიდევ ერთხელ იმეორებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ „საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ხოლო MAP-ი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია“.
დეკლარაცია აღნიშნავს, რომ „საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს შეიცავს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად, მათ შორისაა ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი“.
მოკავშირეები მიესალმნენ საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „მტკიცე მხარდაჭერა“ გამოხატეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ, მოუწოდეს რუსეთს, რომ გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“ და დაგმეს „ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები“ ამ ორ რეგიონში.
თავის მხრივ, საქართველომ ხაზი გაუსვა საკუთარ მისწრაფებას, რომ გახდეს ნატოს წევრი, „რაც მისი ერთ-ერთი მთავარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს და ახალ კონსტიტუციაშიცაა ასახული“.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნატო-საქართველოს კომისია სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა დონეზე გაიმართა. კომისიის შეხვედრა ბრიუსელის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)