ევროკავშირი და საქართველო კატასტროფების რისკის მართვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ
ევროკომისია სამოქალაქო დაცვისა და კატასტროფების რისკის მართვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას აძლიერებს, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყანას „ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმთან“ კიდევ უფრო დააახლოებს და მონაწილე სახელმწიფოებიდან კოორდინირებული დახმარების საშუალებას უზრუნველყოფს.
შესაბამის შეთანხმებას ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა ქრისტოს სტილიანიდისმა და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა ხელი დღეს თბილისში მოაწერეს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ადმინისტრაციული შეთანხმება მოიცავს კატასტროფების პრევენციის, მზაობისა და რეაგირების საკითხებში თანამშრომლობის ძირითად სფეროებს, როგორიცაა ტყის ხანძრები, წყალდიდობა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
„ამ შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, – განაცხადა ევროკომისარმა სტილიანიდისმა. „ხალხის, საკუთრებისა და გარემოს კატასტროფებისგან უფრო ეფექტურად დასაცავად, ჩვენ ყველა უკეთესად უნდა ვიყოთ მომზადებულები“, – დასძინა მანვე.
ევროკომისარი სტილიანიდისი, რომელიც 12-14 ივლისს თბილისს სტუმრობს, დღეს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდა და საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)