ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაკავებული ხუთი ახალგაზრდა თავისუფალია

ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაკავებული 5 ქართველი ახალგაზრდა თავისუფალია. ისინი ოსურმა მხარემ ქართველ სამართალდამცველებს 30 აგვისტოს ერგნეთის საგუშაგოზე ოთხ საათზე გადმოსცეს.

დაკავებულები – გია ბაღდოშვილი, მზია გომური, ვახტანგ გუბელაძე, ბექა მაღრაძე და ქეთევან მაღრაძე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ოჯახის მიერ 2 000 რუსული რუბლის (დაახლოებით 62 ლარი) ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. გათავისუფლებული ახალგაზრდები ერგნეთის საგუშაგოდან პირდაპირ მცხეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ჯავის რაიონში მდებარე ყელის ტბის მახლობლად დააკავეს. იგივე დაადასტურეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და გათავისუფლებულმა ახალგაზრდებმაც.

მცხეთის სამხარეო პოლიციაში დაახლოებით ხუთსაათიანი გამოკითხვიდან გამოსულმა ვახტანგ გუბელაძემ განმარტა, რომ ეს გატაცება არ ყოფილა, მათ გზა აებნათ, შემთხვევით ცხინვალის ოკუპირებული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ, რის შემდეგაც ისინი რუსმა სამხედროებმა დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მისივე თქმით, მათი მხრიდან რაიმე სახის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

ხუთი ქართველი ახალგაზრდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 28 აგვისტოს „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“ დააკავა. დაკავებულების გათავისუფლების პროცესში ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, საქართველოში წითელი ჯვრისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიებიც იყვნენ ჩართულები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)