რაულ ხაჯიმბა დამასკოში ბაშარ ალ-ასადს შეხვდა
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა ოთხდღიანი ვიზიტით დამასკოს სტუმრობს, სადაც 4 სექტემბერს სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს შეხვდა და მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
სოხუმის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაჯიმბამ ასადს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტი „ისტორიული მნიშვნელობისაა“.
„გულწრფელ მადლობას გიხდით მოწვევისთვის და თქვენთან და თქვენს კოლეგებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის. აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მამაცი და ვაჟკაცური ქმედება იყო სირიის რესპუბლიკის და მისი ხელმძღვანელობის მხრიდან“, – განაცხადა ხაჯიმბამ და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი „ძალღონეს არ იშურებენ სირიასთან დასაპირისპირებლად“.
თავის მხრივ, ასადმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება პოლიტიკურ შეხედულებებზე აქტიური ორმხრივი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობებით უნდა შეივსოს.
რაულ ხაჯიმბა სირიაში 7 სექტემბრამდე დარჩება. ვიზიტამდე დაახლოებით ორი თვით ადრე, დამასკოს სამდღიანი ვიზიტით ოკუპირებული ცხინვალის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, ის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს და პრემიერ-მინისტრ იმად ხამისს შეხვდა.
საპასუხოდ, თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. რამდენიმე ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის, ნატომ, აშშ-მა და ევროკავშირმა სირიის მიერ ორი ოკუპირებული რეგიონის აღიარება დაგმო.
ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება სირიის ოპოზიციურმა პლატფორმებმა – ეროვნულმა კოალიციამ და უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტმაც დაგმეს და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)