ქართველი სოციალ-დემოკრატები: სოციალისტური რევოლუცია აგრარულ ქვეყანაში ვერ მოხდება

იმისადა მიუხედავად, რომ ქართველი მარქსისტი სოციალ-დემოკრატები  გლეხობას, საქართველოს უდიდეს კლასს რევოლუციურ ძალად მოიაზრებდნენ, მათ მიაჩნდათ, რომ ევროპული სოციალიზმის დამნერგავი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული მუშა უნდა ყოფილიყო და არა – გლეხობა. ბოლშევიკებისაგან განსხვავებით, სოციალ დემოკრატების აზრით, უტოპია იყო შეხედულება, რომ გლეხობას შეეძლო აგრარულ, ჩამორჩენილ ქვეყანაში ნამდვილი სოციალიზმის დამყარება. ჟორდანიას და მის მიმდევარ ქართველ სოციალ-დემოკრატებს სწამდათ, რომ პირველ რიგში, საჭირო იყო დემოკრატიზაცია და ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ სოციალიზმზე გადასვლა. ქართველ სოციალ-დემოკრატებს რუსული სოციალიზმი ბარბაროსობაში უკან დამბრუნებელ იდეოლოგიად ესახებოდათ, რაც ჩანს კიდეც  სოციალ-დემოკრატთა გაზეთ “ერთობის” N181-ის სტატიაში “ისტორიული აუცილებლობა”, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ:

 

(გაზეთი “ერთობა”, 27 აგვისტო, 1918, N181)

ისტორიული აუცილებლობა

ისტორიის აუცილებლობამ, საწარმოვო ძალთა განვითარებამ ბალშევიკთა წმინდა ანარქისტულ მოძრაობას ნიღაბი ახადა და მისი უტოპიური არაარაობა ყოველმხრივ გამოააშკარავა. ის, რაც რუსეთში ანარქო-კომუნისტებმა მოიმოქმედეს, არ ჩაუდენია არც ერთ რევოლიუციონურ პარტიას, არც ერთ რევოლიუციონურ კლასს. 1871 წლის კომუნისტთა მოძრაობა ასე თუ ისე რეალურ ძალთა განწყობილებაზე ემყარებოდა და მათი უტოპია ისე არ ყოფილა სინამდვილეს დაშორებული, როგორც ბალშევიკების აღვირ წახსნილი წვრილი გლეხური ანარქიზმი.

ის, რაც მარქსიზმის რევოლიუციონური სოციალიზმის მთავარ შინაარსათ ითვლება, ბალშევიკებისათვის უქმი სიტყვებია და რუსეთის სინამდვილეში თავისებურ სოციალიზმის დამყარებას აპირებდენ. პარიზის კომუნისტები პარიზის მუშათა კლასის შეგნებაზე, პარიზის საწარმოვო ძალთა განვითარებაზე ემყარებოდენ და მხოლოდ პარიზში შეეცადენ ბლანკისტურ უტოპიური იდეიების განხორციელებას. ამიტომაც იყო, რომ კომუნისტები სამაგალითო ენერგიით ეწეოდნენ, როგორც შინაური, ისე საგარეო მტრის მოგერიებას. ამასთან მათი მოქმედება პარიზის ტერიტორიას არ შორდებოდა და სოციალური და პოლიტიკური ორგანიზაცია დასახელებულ ტერიტორიის ფარგლებში ხდებოდა. იმიტომაც იყო, რომ ისინი ბალშევიკურ წვრილ გლეხურ ანარქისტულ სოციალიზმს მოშორებული იყვნენ.

რომელი ქვეყნის მარქსისტულათ მოაზროვნე კლასი, რომელი ქვეყნის სოციალდემოკრატიული პარტია მოიწონებს ბალშევიკების ტაქტიკას და მათ პოლიტიკურ მოქმედებას? ტიპიური ავანტიურისტები მთელ ქვეყანას არწმუნებდენ, რომ მათ ანარქისტულ უტოპიას ვითომდა გერმანიის დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელები მხარს უჭერდნენ და მათ მოქმედებას მარქსისტულად სთვლიან. ასეთ დაუჯერებელ ამბის დაჯერება მხოლოდ ბალშევიკთა ლიდერებს სჩვევიათ და სინამდვილე სულ სხვას გვეუბნება. თვით ლიბკნეხტის ოჯახი და მისი ძმები, რომლებიც როგორც ბალშევიკები გვარწმუნებენ, წმინდა ბალშევიკები არიან – მათთან ხშირად საუბრის დროს აშკარად კიცხავდენ ბალშევიკურ უტოპიას და მათ მარქსისტებათ არა სთვლიან.

ევროპის – განსაკუთრებით გერმანიის სოციალ დემოკრატები და მათი ლიდერები განურჩევლათ სხვადასხვა მიმდინარეობისა მარქს-ენგელსის მეცნიერული სოციალიზმის მოძღვრებაზე არიან აღზრდილები და ისინი ანარქო-ბლანკისტურ უტოპიას არა დროს არ გაიზიარებენ. გერმანიისა და საზოგადოთ მთელი ევროპის პროლეტარიატი საწარმოვო ძალების განვითარების და მუშათა კლასის კულტურულათ მომწიფების ნიადაგზე აშენებენ თავიანთ მომავალ სოციალისტურ რევოლიუციას და არა წვრილ გლეხთა უმრავლესობის ყოველ მხრივ განუვითარებლობაზე. უკანასკნელი მდგომარეობა ბაკუნინის სათაყვანებელ საგანს შეადგენდა და ამ ნიადაგზედ იგი მუშაობდა. მაშინ როცა მარქსი და მარქსისტები სოციალისტურ რევოლიუციის მთავარ პირობათ კაპიტალისტური წარმოების უაღრესათ განვითარებას ასახელებდენ და რევოლიუციის შემოქმედ ძალათ სამრეწველო პროლეტარიატს სთვლიდნენ, – ბაკუნინი კი ჯერ ისევ სამოციან წლებში რუსეთში, იტალიაში, ისპანიაში და შვეიცარიის მივარდნილ კუთხეებში ელოდდა ასეთ რევოლიუციას და მარქს-ენგელსის მეცნიერულ სოციალიზმს ბურჟუაზიულ მოძღვრებათ სთვლიდა.

ასეთია ანარქისტების და ბალშევიკების სოციალიზმი და ასეთ უტოპიას ებღაუჭებიან. ის, რაც მარქს ენგელსი კომუნისტების მტრების  – ვერსალის გმირების წინააღმდეგ სწერდა ბალშევიკებს შეგნებულ და კლასობრივათ გათვიცნობიერებულ პროლეტარიატის  წინააღმდეგ გამოაქვთ და ასეთი ლათაიებით სურთ თავიანთ დამღუპველ პოლიტიკის გამართლება.

მარქს-ენგელსი თავის მეცნიერული შეხედულებით , – ანარქო-ბლანკისტურ პოლიტიკას, პროლეტარიატის მიერ უდროვოთ ძალის ხელში ჩაგდებას ეწინააღმდეგებოდნენ და ყოველი სოციალ-დემოკრატი დღესაც ასევე იქცევა. თვით მარქსი პარიზის კომუნის დროს, როცა ძველი ინტერნაციონალის გენერალურ საბჭოს წევრები ბრანგეს ამხანაგებმა, რომლებიც პარიზ. გაემგზავრენ და იქ კომუნ. ერთად დროებითი მთავრობის ჩამოგდების საქმეში მონაწილეობა უნდა მიეღოთ, – მარქსი მათ მისიას არ იწონებდა და ფრანგ ამხანაგების საქმიანობას სისულელეს უწოდებდა. აბა, როგორ შეიძლება მარქსმა და მარქსისტებმა ობიექტური პირობებს, ხალხის სულიერ და კულტურულ მდგომარეობას ანგარიში არ გაუწიოს, სოციალისტური რევოლიუციის მოხდენა გლეხურ ქვეყანაში განიზრახოს, ამას შეეცდება მხოლოდ ანარქო ბალშევიკები და მარქსისტები კი მუდამ წინააღმდეგნი იქნებიან. სოციალისტური რევოლიუცია პროლეტარიატის საქმეა და არა ყოველ მხრივ უკან ჩამორჩენილ გლეხების.