სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

თეატრის დარბაზში შეკრებილებს კანდიდატი თბილისის მერმა და პარტია ქარული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წარუდგინა. კალაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობისა და ლეგიტიმაციის პირობებში, გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ „ქვეყანაში მიმდინარეობდეს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები და მმართველობის პროცესში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი პლურალიზმი“.

„ეს არის ის ძირითადი მოტივი და პრინციპები, რის გამოც, პარტია ქართულმა ოცნებამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ წარადგინა თავისი კანდიდატი“, – აღნიშნა თბილისის მერმა. მანვე მოსახლეობის მხრიდან „ზეპარტიული“ და „მიუკერძოებელი“ კანდიდატის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს „ხელს შეუწყობს, პრეზიდენტის როლის სწორად გააზრებას და პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებით სწორი ტრადიციის დამკვიდრებას“. კალაძის თქმით, ასეთ კანდიდატად მმართველ გუნდს სწორედ სალომე ზურაბიშვილი ესახება.

„იცოდეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის, პარტია ქართული ოცნების სრული მხარდაჭერა გაქვთ ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ“, – მიმართა მან პრეზიდენტობის კანდიდატს.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს მისდამი გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი და „ისტორიული“ უწოდა. მანვე დასძინა, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მხარდაჭერისა, ის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი დარჩება. „იმაზე, რაც არის ჩემთვის ძალიან პრინციპული, იმ წითელ ხაზებზე, რომელზედაც ვერავინ ვერ გადააბიჯებს, ვინც არ უნდა იყოს…ვიქნები პრინციპული და დამოუკიდებელი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მის მთავარ პრიორიტეტებად ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დაცვა, ასევე ქვეყნიდან რუსული ჯარების გაყვანა დაასახელა. „მოვდივარ იმისთვის, რომ ეს მრავალწლიანი საერთაშორისო და საშინაო გამოცდილება მოვახმარო ამ ქვეყანას და მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მესხიშვილის თეატრთან შეკრებილი მოქალაქეები პრეზიდენტობის კანდიდატისგან 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო განმარტებებს ითხოვდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 6 აგვისტოს განაცხადა. მმართველმა პარტიამ არჩევნებში მისი მხარდაჭერის გადაწყვეტილება 9 სექტემბერს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში 1921 წელს ემიგრირებულ ოჯახში დაბადებული კარიერული დიპლომატია. მას 2004-2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. ის 2005 წლის ოქტომბერში საპარლამენტო უმრავლესობასთან დაპირისპირების გამო, თანამდებობიდან გადააყენეს, რის შემდეგაც ოპოზიციაში გადავიდა და საკუთარი პარტია „საქართველოს გზა“ ჩამოაყალიბა, რომელსაც 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა.

2010 წლის ნოემბერში, ზურაბიშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის საკითხებზე შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშვნის გამო, პოლიტიკიდან დროებით წავიდა. ზურაბიშვილი საქართველოში 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დაბრუნდა, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის გამო, ის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

ზურაბიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის სახით მონაწილეობდა, თუმცა ქართული ოცნების პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობდა. ამ უკანასკნელს მთაწმინდის ოლქში საკუთარი კანდიდატურა არ წარუდგენია.

საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს ამოიწურა. ცესკოს ინფორმაციით, პრეზიდენტობის სურვილი ჯამში 46-მა კანდიდატმა გამოთქვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)