არასამთავრობოები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესის შეჩერების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

კოალიცია გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესის შეჩერების გამო შეშფოთებას“ გამოთქვამს და მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ თავმჯდომარის არჩევის პროცესი ხელოვნურად არ შეაფერხონ“.

შესაბამისი განცხადება კოალიციამ, რომელშიც 40 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება დღეს გაავრცელა. კოალიციაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი და მმართველი პარტია, შექმნილ სიტუაციას არასათანადო პასუხისმგებლობით ეკიდებიან“. მათივე განმარტებით, არსებული ვითარება იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტსა და მმართველ ძალას ან სათანადოდ გააზრებული არ აქვთ, სისტემაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე ან არ აქვთ განზრახვა ამ ვითარების შესაცვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგან“.

არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია ხდება. ამასთან, ახალი წესით არჩეული თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი აღარ იქნება. რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციას და შეამცირებს სასამართლოში არსებული კრიზისული მდგომარეობის მოგვარების პერსპექტივას“, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას კონსტრუქციულ რეჟიმში კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებენ და კონსულტაციებში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოხატავენ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური 2 აგვისტოს გახდა, როდესაც მოქმედი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით, თანამდებობიდან გადადგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები 6 აგვისტოს დაიწყო. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მმართველ გუნდთან არშემდგარი გონსულტაციების შემდეგ, პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა აღარ დაასახელა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)