ბახტაძე: აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება „ყველა დონეზე“ მხარდაჭერილია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც 16-27 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს, განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივას ვაშინგტონში ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.
22 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ განაცხადა, რომ მან ეს საკითხი აშშ-ის დედაქალაქში გამართული შეხვედრების დროს დააყენა და მოხარულია, რომ ამას ყველა დონეზე ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება ორივე ქვეყანას „ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ უკუგებას“ მოუტანს, მაგრამ იმავდროულად იქნება „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ და ძლიერი წინ გადადგმული ნაბიჯი ორმხრივ ურთიერთობებში.
ბახტაძემ აღნიშნა, რომ მისი მთავრობის მიზანია, რომ საქართველო გახდეს „ეკონომიკური ჰაბი მთელი რეგიონისთვის“ და რომ ამ იდეას სრულად უჭერენ მხარს ამერიკელი პარტნიორები. „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დაგვეხმარება, რომ საქართველოს უკეთესი და უფრო ეფექტური ინტეგრაცია მოვახდინოთ გლობალურ ეკონომიკაში, მივიღოთ მეტი ამერიკული ინვესტიციები“, – აღნიშნა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელიც პრემიერ-მინისტრს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლავს, ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სწორედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იყო და რომ „ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური გამოხმაურება ამასთან დაკავშირებით“.
„ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, და ეკონომიკური ურთიერთობები ავიყვანოთ იმ დონეზე, რა ურთიერთობის დონეც გვაქვს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური თანმშრომლობის მიმართულებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.
დღეის მდგომარეობით, ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 20 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)